ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიაში ვრცელდება.

როგორც რუსული მედია წერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა ენერგეტიკის სფეროში შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

„ენგურჰესის“ კაშხლის წყლის დონე აღწევს სახიფათო დონეს, წყლის შემოდინება დაბალია, მხოლოდ 40 კუბ. მეტრი წამში და ენერგეტიკის სიტუაცია საგანგებოა. „ენგურჰესი“ შეიძლება გაჩერდეს, იძულებული ვართ, გავზარდოთ დენის გამორთვების რაოდენობა და ელექტროენერგიის იმპორტი“, – აცხადებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი.

პირველი ნოემბრიდან ენერგოდეფიციტის გამო ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის ნაწილს რუსეთიდან ყიდულობს. ოკუპირებულ ტერიტორიას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2016 წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 1 მლრდ კვტ-სთ-ით, რაც დაკავშირებულია კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგ არაეფექტურ ბრძოლასთან.

„უნდა გაძლიერდეს ბრძოლა მაინინგთან, დადგინდეს ის ადგილები, სადაც ელექტროენერგიის მოხმარების ყველაზე დიდი ნახტომია, კანონი საშუალებას იძლევა აღიკვეთოს აღჭურვილობა. სიტუაცია თუ არ შეიცვლება, იძულებული გავხდები მოვთხოვო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს საგანგებო მდგომარეობის შემოღება ენერგეტიკაში“, – განაცხადა ბგანბამ.

რუსული მედიის ცნობით, ამჟამად წყლის დონე „ენგურჰესის“ კაშხალზე ზღვის დონიდან 410 მეტრზე ქვევითაა, რაც კრიტიკულ დონეზე დაბლაა და ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.