ნინო წილოსანი: „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის თვეა, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში გვექნება ცნობიერების ამაღლების კამპანიები

წილოსანი

ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვეა, „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის თვეა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში ოქტომბრის კამპანია სწორედ ამ აქცენტით ჩატარდება.

„ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვეა. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში ოქტომბრის კამპანია სწორედ ამ აქცენტით გვექნება. მთელი ოქტომბრის მანძილზე, სრულიად საქართველოში, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში საინტერესო კამპანიები და შეხვედრები გვექნება. „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის თვეა. გვექნება, როგორც ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ასევე ქალებს დავამობილიზებთ, რომ უფასო სკრინინგი ჩაიტარონ, რადგან ეს ყველაზე საუკეთესო საშუალებაა პრევენციისთვის, რათა ქალებს ძუძუს კიბო არ დაემართოთ. თვის მანძილზე არა მხოლოდ ასეთი კამპანიები, არამედ საინტერესო კონფერენციებიც გვექნება. ეს პროცესი წარიმართება პროფესიონალი ექიმების და ექსპერტების მონაწილეობით, სადაც 20 წლიდან 60 პლუს ქალებისთვის ყველა საინტერესო თემას გავშლით. თემას, რომელიც თითოეული ამ ასაკობრივი ჯგუფის ქალებისთვის საინტერესოც და მნიშვნელოვანიცაა. რაც მთავარია, ამ თვის მანძილზე, შექმნილი საინტერესო სივრცეები გვექნება იმისთვის, რომ ქალები ერთმანეთს შეხვდნენ, ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარონ. რაც მთავარია, შესაძლებლობა გვექნება, გავიგოთ, რა საჭიროებებია აუცილებელი, რათა ქალთა ჯანმრთელობა უზრუნველვყოთ ჩვენს პოლიტიკაში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

✕