ნინო წილოსანი Politico-ს სტატიაზე, რომ ევროკავშირს პუტინთან მომლაპარაკებლის დანიშვნა სურს: ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება ან შესაძლოა სურთ არ ჩამორჩნენ და გამორჩნენ პროცესებს

ნინო წილოსანი

ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება და ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ან შესაძლოა მათ სურთ, რომ არ ჩამორჩნენ და არ გამორჩნენ პროცესებს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „პოლიტიკოს“ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის როლის შექმნას განიხილავს.

მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ უშლიდა ევროკავშირი ხელს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.

ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის შეცვლილი პოზიცია შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული.

„გავიხსენოთ, უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, როგორ ეწინააღმდეგებოდა და რადიკალიზაციას უკეთებდა ევროკავშირის რუსეთთან მოლაპარაკებებს. უფრო მეტიც, სტამბოლის მოლაპარაკებები ომის დასრულებასთან დაკავშირებით სწორედ ევროკავშირი-ბრიტანეთის წარმომადგენლების ჩარევების შედეგად ჩაიშალა. თუმცა მას შემდეგ, რაც ტრამპი აქტიურ კონტაქტზეა და კომუნიკაციაზეა პუტინთან, რა თქმა უნდა რიგი ევროპელი ლიდერებისგან გვესმის მოწოდება, რომ ისინი მზად არიან და აქვთ სურვილი რუსეთთან მოლაპარაკებებისა. ახლანდელი განცხადება კი, რომ ევროკავშირის მუშაობს რუსეთთან მოლაპარაკებების თემაზე, არ ვიცი რამდენად შესაძლოა პოზიტიური ფაქტი იყოს. ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება და ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ან შესაძლოა მათ სურთ, რომ არ ჩამორჩნენ და არ გამორჩნენ პროცესებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის როლის შექმნას განიხილავს. „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპული მთავრობები, მათ შორის საფრანგეთი და იტალია, ბრიუსელს მოუწოდებენ, დანიშნოს მოსკოვთან ისეთი მომლაპარაკებელი, რომელიც უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათ ინტერესებს დაიცავს.

„პოლიტიკო“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ ერთობლივი ძალისხმევა გააძლიერეს, რათა რუსეთის პრეზიდენტთან და მის შიდა გარემოცვასთან დიპლომატიური არხები გახსნან.

პუტინთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის მომხრეები განმარტავენ, რომ ევროპა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თავისი წითელი ხაზების შენარჩუნებას, თუკი ევროკავშირს მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარი ადგილი ექნება.