ნინო წილოსანი: მინდა მჯეროდეს, რომ რუსთაველზე შეკრებილები მართლაც ევროკავშირის იდეისთვის იბრძვიან, მაგრამ როგორ, როცა ისინი დგანან იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველა ეტაპზე ხელს უშლიდნენ?!

ნინო წილოსანი

მინდა მჯეროდეს, რომ რუსთაველზე შეკრებილები მართლაც ევროკავშირის იდეისთვის იბრძვიან, მაგრამ როგორ, როცა ისინი დგანან იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველა ეტაპზე ხელს უშლიდნენ?! - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „იმედი Live“-ში სატელეფონო ჩართვისას.

მისივე თქმით, ევროპა არაა რეზოლუცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

„გულწრფელად მინდა დავინახო, რომ მართლა ევროკავშირის იდეისთვის იბრძვიან რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები, მაგრამ როგორ დავიჯერო მათი, ვინც ფიქრობს, რომ ნიკა გვარამია შეიყვანს ევროკავშირში, ლაკა ხოშტარია, რომელიც რუსული რუბლებით გამოკვებილი პოლიტიკური ფიგურაა, ის იცავს ევროკავშირს. როგორ დავიჯერო, რომ ევროკავშირი არის ის რეზოლუცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და ა.შ. ასევე, მათი ლიდერები ვისთან ერთადაც დგანან და გამოდიან, ეს ადამიანები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე ხელს უშლიდნენ ამ ქვეყანას და დეკლარირებულად აცხადებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და მოლაპარაკებები არ უნდა გაგვიხსნან. თურმე ამ ადამიანების გვერდით რომ დგანან და გვიპროტესტებენ ამ ყველაფერს, დავიჯეროთ, რომ ეს ევროკავშირის იდეისთვის არის ბრძოლა“,- აღნიშნა წილოსანმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ რადიკალები ერთი და იმავე ფორმით აპროტესტებენ ყველაფერს, იქნება ეს გამჭვირვალობის უწყინარი კანონი თუ დღევანდელი განცხადება.

„გავიხსენოთ, რომ მათ ასეთივე წარმატებითა და აგრესიით შეეძლოთ ებრძოლათ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, ყველაზე უწყინარი კანონი იყო, რაზეც წარმოუდგენელი რაღაც ჩაიდინეს ქვეყანაში და შავი, ბნელი დილა გაუთენეს ერთმანეთს. რაღაც ფორმაა დაავადების, როცა ეს ადამიანები თვლიან და ითენებენ რუსეთში გათენებულ დილას. წარმოუდგენელია ამ ილუზიაში იყვნენ და ვერ ხედავდნენ მარტივ ჭეშმარიტებას, რაც გულისხმობს იმას, რომ 2012 წლიდან თუკი ვინმეს რამე გაუკეთებია ევროკავშირისთვის, ეს არის „ქართული ოცნება“ და თუკი ვინმეს ხელი შეუშლია ამისთვის, ის პოლიტიკური ლიდერებია, ვის გვერდითაც ისინი დგანან“,- განაცხადა წილოსანმა.