ნინო თანდილაშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს, ინგერ ანდერსენს შეხვდა

ნინო თანდილაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს, ინგერ ანდერსენს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში განახორციელა გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების, წყლის რესურსების მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების შერბილების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით.

„საქართველო აგრძელებს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს და ევროპული სტანდარტების დანერგვას, რათა გაუმჯობესდეს გარემოს მდგომარეობა და გარემოსდაცვითი სტანდარტები დაუახლოვდეს ევროპულ მოთხოვნებს. ეს პროცესი მოიცავს ყველა იმ მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების პრაქტიკაში დანერგვას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის ურყევ ნებას, პირნათლად შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები გარემოს დაცვის მიმართულებით“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ამასთან, მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ნარჩენების მართვის პროცესში და მადლობა გადაუხადა ინგერ ანდერსენს მისი პირადი ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის საერთაშორისო ხელშეკრულების მიღებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო​ს ცნობით, ინგერ ანდერსენმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე აღნიშნა ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო გარემოსდაცვითი დღის წესრიგისა და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების შესრულების მიმართ.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ნარჩენების მართვის ახალი ინიციატივების განვითარებაზე ისაუბრეს.