ნინო სუთიძე: ხვალ ძალიან რთული დღე გვაქვს. მინდა, რომ ახალგაზრდებმა გაითავისონ და გააკეთონ სწორი არჩევანი. ის წლები არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს

ნინო სუთიძე

მე არ ვთვლი, რომ ჩვენ ვდგავართ „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დაბრუნების წინაშე, ეს არც წარმომიდგენია, არც დავუშვებ და მჯერა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხვალ გააკეთებს ისეთ სწორ არჩევანს, რომ საერთოდ დამთავრდნენ ისინი, - განაცხადა რეპრესირებული ბიზნესმენის მეუღლემ ნინო სუთიძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„ჩვენი ოჯახის ისტორია საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმც არიან ახალგაზრდები, რომლებმაც ეს არ იციან, არ ახსოვთ, არ უნახავთ და ღმერთმა არც ანახოს. მინდა მათ იცოდნენ, რომ საშინელ მდგომარეობაში გვამყოფებდნენ, ეს იყო ბოროტების მანქანა, გაბოროტებული და უნახავი ადამიანები. მე მსგავს კატეგორიასთან ცხოვრებაში არ მქონია შეხება, რაც იმ წლებში ვნახე.

მინდა, რომ ახალგაზრდებმა გაითავისონ და გააკეთონ სწორი არჩევანი. ის წლები არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს. მე დაახლოებით მათი ასაკის ვიყავი, როდესაც ჩემი მეუღლე დაიჭირეს და შემოგვივარდნენ სახლში. ეს ყველაფერი ძალიან რთული გადმოსაცემია და მე არ ვუსურვებ ამას არავის, რომ ვინმემ იგივე წნეხი და უბედურება გამოიაროს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღარასოდეს აღარ მოხდება.

ხვალ ძალიან რთული დღე გვაქვს. გარდა იმისა, რომ არის არჩევნები, უპრეცედენტო წნეხის ქვეშ ვართ, თუნდაც მათი გარე პატრონებისგან. მსგავსი არჩევნები ჩვენ არ გვქონია, პირდაპირ მიგვითითებენ ეს უნდა ვქნათ, თუ ამას არ იზამთ ვიზებს გაგიუქმებთ. ჩვენი ქვეყნის არჩევნებში მოქალაქეებს გვეუბნებიან როგორ უნდა მოვიქცეთ. რა თქმა უნდა გვინდა ევროპა, გვინდა მეგობრობა და კარგი ურთიერთობები, მაგრამ ასეთი კატეგორიული ტონით ნათქვამს არ შევეგუებით.

ევროპული მომავალი პირველ რიგში ნიშნავს დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და ვერანაირ ტოლობას ვერ გავავლებთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმსა და სიტყვის თავისუფლებას შორის. მადლობა ღმერთს, რომ ჩემს გარშემო არიან ადამიანები, ვინც ჩემსავით ფიქრობენ“, - აღნიშნა ნინო სუთიძემ.