ნიკოლოზ სამხარაძე: ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის

ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოში ირანის ელჩს ვურჩევ, რომ დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ირანის ელჩს მოუწოდებს, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირანის ელჩი ორაზროვან განცხადებას აკეთებს, მათ შორის ისტორიულ ფაქტებთან მიმართებაში.

დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში დაბრუნდება, მასთან ამ საკითხის განხილვა მოხდება.

„მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, რომ დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის ფეისბუქპოსტზე, სადაც ელჩი წერს: „მალე მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.

✕