ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ადგილი ევროკავშირშია - ეს იყო მალტის პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი გზავნილი

ნიკოლოზ სამხარაძე

 მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ევროპაში ინტეგრაციის გზაზე მალტის გამოცდილება გაგვიზიარა. ჩვენი ადგილი ევროკავშირშია, ეს იყო მისი მთავარი გზავნილი, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

„მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მან გაგვიზიარა გამოცდილება, რომელიც მალტას ჰქონდა ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. დაგვამშვიდა და გვითხრა, რომ ინტეგრაციის გზაზე მსგავსი პრობლემები ყველა ქვეყანას ჰქონდა და ჩვენ დასახული გზით უნდა გავაგრძელოთ სიარული, მიზანს მივაღწევთ. ჩვენი ადგილი ევროკავშირშია, ეს იყო მისი მთავარი გზავნილი. ასევე საუბარი გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებზე. ბოლო წლებში ჩვენ მალტასთან საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ურთიერთობები დავამყარეთ, მათ შორის საპარლამენტო დონეზე ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს. ასევე უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. იცით, რომ ერთ-ერთ ადგილად მალტა განიხილება, სადაც შეიძლება მაღალი დონის შეხვედრა ჩატარდეს. მალტას პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტით მოვიწვიეთ“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.