ნდობის ჯგუფის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფი

ნდობის ჯგუფის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა უწყების 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მინისტრის მოადგილემ სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების მიმართულებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაციისა და საიდუმლო შესყიდვების საკითხებზე ისაუბრა.

"ნდობის ჯგუფის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში განვიხილეთ, რომელიც უწყებაში არსებულ პროცესებს, რეფორმების მიმდინარეობას, ოპერატიულ-ტექნიკურ შესაძლებლობებს და სამინისტროს თანამშრომლების სოციალურ პროექტებს შეეხებოდა. მინისტრის მოადგილემ ანგარიშის წარდგენისას ყურადღება უწყების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე გაამახვილა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში და მის სხვადასხვა სამსახურებში - სამაშველო სამსახურში, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციაში, ასევე საზღვრის პოლიციასა და განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტში განახლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. სამინისტრო პერიოდულად აახლებს ტექნიკურ მოწყობილობებს, როგორიც არის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სპეციალური ტექნიკა, დრონები და დღეისათვის უწყება თანამედროვე სტანდარტების ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი შემადგენლობით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სრულად შეესაბამება წამყვან ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.

ნდობის ჯგუფის სხდომას ჯგუფის წევრები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე დაესწრნენ.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, წელიწადში ერთხელ, შესაბამისი უწყებები, ნდობის ჯგუფს, წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენებას, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს წარუდგენს.