ნარკორეგულაციებზე კანონის გამკაცრება განეკუთვნება ერთ-ერთ იმ ნაბიჯს, რომელიც დაკავშირებულია ეროვნულ უსაფრთხოებასთან - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება განეკუთვნება ერთ-ერთ იმ ნაბიჯს, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების თემასთან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„რეალურად შეიქმნა საშიშროება, რომ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანამ და გავრცელებამ მიიღოს ისეთი ხასიათი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მომავალი თაობის შესაძლებლობას, იყოს კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე, იყოს დაცული გარკვეული გამოწვევებისგან, თუნდაც ნარკოტიკებით და შესაძლოა, დივერსიის შესაძლებლობისაგან. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ საშიშროებისგან და განსაკუთრებით მკაცრები ვიყოთ მათ მიმართ, ვისაც შემოაქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტი ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პროექტების განხილვას იწყებს. ცვლილებებზე პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში იმსჯელებენ. პროექტის მიხედვით, რეგულაციები მკაცრდება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ.