1746007492
ნამდვილი მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ანექსიის ამ ახალ განზომილებას "ოცნება" ჩუმი თანხმობით ხვდება - თეონა აქუბარდია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ფრენებზე

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდა. რუსული მედიის ინფორმაციით, პირველი რეისი "ვნუკოვო - სოხუმის" მარშრუტზე 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო დღეს შესრულდა.
ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო გმობს სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას. ამ თემაზე განცხადებები გაკეთდა ოპოზიციური პარტიებშიც.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, ნამდვილი მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ანექსიის ამ ახალ განზომილებას "ოცნება" ჩუმი თანხმობით ხვდება.
"ოკუპირებულ აფხაზეთში ეს კიდევ ერთი დამატებითი გამოხატულებაა რუსული ოკუპაციისა და ანექსიური პროცესების. მაშინ, როდესაც ივანიშვილის "ოცნება" დასავლეთს და გამოგონილ "ომის პარტიას" უცხადებს ომს, კიდევ უფრო მკაფიოა მათი სიცრუე სუვერენიტეტის გამტკიცებასა და მათ შორის, სუვერენიტეტის დაცვის ირგვლივ. ბუნებრივია, ნამდვილი მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ანექსიის ამ ახალ განზომილებას "ოცნება" ჩუმი თანხმობით ხვდება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.