მუხტის ასაწევად ყველაფერს კადრულობენ, სოციალურ ქსელში უამრავ დეზინფორმაციას ვაწყდებით. ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა, მუხტის ასაწევად, ხალხის და განსაკუთრებით, ახალგაზრდების მოსატყუებლად - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

მუხტის ასაწევად ყველაფერს კადრულობენ. ასეთ დეზინფორმაციას ვაწყდებით სოციალურ ქსელში უამრავს, დღე არ გავა, ასეთი დეზინფორმაცია რომ არ გავრცელდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

იგი ამგვარად აფასებს უფლებადამცველ ნათია თავბერიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ერთ-ერთი დაკავებულის დედა გარდაიცვალა, რაზეც მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს ამბავი ახლა არ მომხდარა და მიმდინარე აქციებს არ უკავშირდება.

„ასეთი დეზინფორმაცია ვირუსულად ვრცელდებოდა, შემდეგ რომ ჩაასწორა, ის ნახა ალბათ, 5 ათასმა ადამიანმა, ხოლო მანამდე რაც გაავრცელა, ალბათ 10-ჯერ ან 20-ჯერ მეტმა. ყველა შემთხვევაში ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა, მუხტის ასაწევად, ხალხის და განსაკუთრებით, ახალგაზრდების მოსატყუებლად. ახალგაზრდებს მივმართავ კიდევ ერთხელ - თავად ისინი ახალგაზრდებს მოიხსენიებენ სასარგებლო იდიოტებად. ამას შემთხვევით არ ვამბობ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ახალგაზრდებს მიმართა და დაფიქრებისკენ მოუწოდა.

„ვთხოვ ყველა ახალგაზრდას, ვინც შეიძლება, გულწრფელად იჯერებს, რომ გვაქვს საშიშროება, ბებიას „ბაბუშკა“ დავუძახოთ, ძაღლს - „საბაკა“, აი, ამას რომ აჯერებენ, ამას რომ ჰკადრებენ ახალგაზრდებს. აი, ასეთ ახალგაზრდებს მივმართავ, იმ ხალხს, იმ გულწრფელ ადამიანებს, ჩემო უმცროსო მეგობრებო, ამას გკადრებენ, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც მერე ტყუილი რომ აღმოჩნდება, ის მხილება მეათედთან არ მიდის, რამდენთანაც მივიდა ტყუილის სახით. ამაში უნდა გავერკვიოთ”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მან გავრცელებული ტყუილის მაგალითად აქვე დაასახელა ინფორმაცია, თითქოს, საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის ფლობა სავალდებულო აღარ არის.

„ისევე, როგორც „საჯარო მოსამსახურეებს აღარ ევალებათ ქართული ენის ცოდნა“. უბრალოდ, გააკეთეს ტყუილი რაღაც მანიპულაციიდან გამომდინარე და პირიქით, ჩვენ მოგვცეს საბაბი და მიზეზი იმისა, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულებისთვისაც სავალდებულო გავხადოთ ქართული ენის ცოდნა. ეს აქამდე არ იყო, მაგრამ ახლა იქნება. რადგან ასეთი ტყუილი კადრებს ყველას, ჩვენ ვთქვით, გავახმოვანეთ ინიციატივა. მერე არ დაიწყონ მანიპულაცია, ეს ჩვენ არ გვინდოდა და ცუდიაო. საჯარო მოსამსახურეს, საჯარო მოხელეს - ყველას აქამდეც და ახლაც ევალება ქართული ენის ცოდნა.

ასეთი ტყუილებით ცდილობენ, რომ გააბრაზონ განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდები, და ეს ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ, რომ 1, 2, 3, 10 მოატყუეს და იმ ხალხის გვერდით უწევთ ყოფნა, რომლებიც ამარაგებენ პიროტექნიკით, შურდულებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“ აქციებს, ესენი რას და ვის ემსახურებიან, ყოველ შემთხვევაში, თავის სამშობლოს არა, ამაზე უნდა დაფიქრდნენ. ისინი არიან ადამიანები, ვინ მათ ზურგს უმაგრებენ, თავისი კამპანიებით ფულით, სხვადასხვა - ფაქტობრივად, საბრძოლო მასალით ამ აქციებზე, რომლებიც საკუთარ, ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაულს აბრალებდნენ თავის დროზე. ამაზე ბევრი ფიქრი და ცოტა მეტი ანალიზია საჭირო”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.