მოვუწოდებ შსს-ს, საპოლიციო ღონისძიებებისას ინდივიდუალური ღონისძიება გაატარონ მის მიმართ, ვინც კანონს არღვევს, ადამიანების ცემას არაფერი ამართლებს - იოსელიანი

იოსელიანი

ძალიან ცუდია, როდესაც პოლიცია იყენებს სპეციალურ საშუალებებს. ერთია, რომ პოლიციამ ინდივიდუალური ღონისძიება გამოიყენოს იმის მიმართ, ვინც არღვევს კანონს, მაგრამ ადამიანების ცემას არაფერი ამართლებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკაში აქციაზე დაშავებულების მონახულების შემდეგ განაცხადა.

იოსელიანის თქმით, თითქმის ყველა დაშავებულს დაზიანება აქვს სახისა და თავის არეში.

„მოვინახულე ყველა დაზარალებული, რომლებიც არიან პალატებში. ერთზე მითხრეს, რომ არის რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდება ოპერაცია. სხვას ყველას ვესაუბრე. თითქმის ყველას დაზიანება აქვს სახისა და თავის არეში, შესაბამისად, ნათელია, რომ ამ შემთხვევაში ძალადობას ადგილი ჰქონდა თავის არეში. მითხრეს, რომ ასევე იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ხელი ჰქონდათ დაზიანებული. ძალიან ცუდია, როდესაც პოლიცია იყენებს სპეციალურ საშუალებებს. ერთია, რომ პოლიციამ ინდივიდუალური ღონისძიება გამოიყენოს იმის მიმართ, ვინც არღვევს კანონს, მაგრამ ადამიანების ცემას არაფერი ამართლებს. უკვე ოთხი დღეა, მოვუწოდებ და დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ როდესაც ხდება საპოლიციო ღონისძიებები, ვიღაც კანონდამრღვევი თუა, მის მიმართ გაატარონ ინდივიდუალური ღონისძიება. აბსოლუტურად მიუღებელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ადამიანებს ასე გაუსწორდე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად გამოიძიოს საქმეები.

„დაკავებულების შესახებ, უკვე ოთხი დღეა, ვავრცელებთ ინფორმაციას. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ უკვე დაახლოებით 160-მდე ადამიანი მოვინახულეთ და ყველა მათგანს ინდივიდუალურად ჩამოერთვა ჩვენება, შედგა ოქმი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების 80 პროცენტი არის ნაცემები. ისინი მიუთითებენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე. ყველა ასეთ შემთხვევაზე მოვახდინეთ რეაგირება და ეს მასალები გავაგზავნეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად გამოიძიოს საქმეები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, უარი თქვას ადამიანების ასეთი მეთოდებით დაკავებაზე“, – აღნიშნა იოსელიანმა.