მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი - ლევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

ლევან მაჭავარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი, რომ პასუხის გარეშე არ დარჩეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შეფასებისას.

მან აქვე ჩამოთვალა ანგარიშის რამდენიმე პუნქტი და აღნიშნა, რომ დოკუმენტში შეტანილი საკითხები ქართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის საკითხებს იმეორებს.

„რაც შეეხება განათლების რეფორმას - რა შუაშია ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმთან“ განათლების რეფორმა? ამით ხომ პირდაპირ ლუსტრაციას ახდენენ, რომ ის საკითხები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია და მათი მესიჯბოქსია, ზუსტად, პუნქტობრივად არის არის გადმოტანილი ამ დოკუმენტში. რა შუაშია განათლების რეფორმა? - იმ შუაშია, რომ რადიკალური ოპოზიცია აპელირებს, რომ თურმე, ეს არის საშინელი რეფორმა და როგორ შეიძლება, გატარდეს.

ასევე, არჩევნებზე [გაყალბებაზე] იყო საუბარი, ერთი მტკიცებულება დღემდე რომ ვერ დადეს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მან ანგარიშში „კამიტის“ გამოყენების თემაზე გაკეთებულ ჩანაწერს სასაცილო უწოდა.

„ყველაზე სასაცილო რომელია, იცით? - კამიტის თემას რომ არ ეშვებიან. თავადვე იზიანებენ თავისივე რეპუტაციას, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს სასაცილოა, რადგან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერებით ხელისუფლებას მოქალაქეები არ დაუწამლავს, მაგრამ აქ [ანგარიშში] ხაზგასმულია. ნათქვამია, რატომ არ მიმართავთ საერთაშორისო გამოძიებასო. მინდა, მოქალაქეებს შევახსენო - როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ჩაატარა, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა, რომ რომელ რელევანტურ საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტსაც გაქვთ რაიმე კითხვის ნიშნები ან ინტერესი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, გეპატიჟებით, ჩამობრძანდით, აბსოლუტურად ყველანაირ მასალას გადმოგცემთ და შეგიძლიათ, გაეცნოთო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.