მიხეილ ყაველაშვილის მონაწილეობა გაეროს რიგით მე-80 საიუბილეო ასამბლეაში ძალიან მნიშვნელოვანია - მას ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ექნება - გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის მოლოდინში. მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დღეს მიმართავს. ცნობილია, რომ სიტყვით გამოსვლის დროს აქცენტი საქართველოს სამომავლო გეგმებზე, სამშვიდობო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე გაკეთდება. საუბარი შეეხება რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებსაც. დღესვე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება. მან, დელეგაციის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაში; დაესწრო დონალდ და მელანია ტრამპების ყოველწლიურ ტრადიციულ მიღებას; შეხვდა სლოვაკეთის პრეზიდენტს, ასევე აშშ-ის ვაჭრობის მდივანს.

"ის, რომ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობას იღებს გაეროს რიგით მე-80 საიუბილეო ასამბლეაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. საქართველო არის მშვიდობის კუნძული, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე და, ფაქტობრივად, ქვეყანა და სახელმწიფო არ დარჩა, სადაც ჩვენ გარშემო ომი ან რაიმე დესტაბილიზაცია არ იყო. ასე რომ, მგონია, ამ კუთხით იქნება მისი გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანი“,  - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.