მიხეილ ყაველაშვილი: ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, აერიდებინა აგვისტოს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა, დაველოდოთ გამოძიებას

მიხეილ ყაველაშვილი

ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, აერიდებინა აგვისტოს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა, დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.

ყაველაშვილის თქმით, ყველას აქვს თავისი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, რათა აარიდონ სამშობლოს ყველა ხიფათი.

„ჩვენი გმირები რასაც აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ, ეს არის მათი მოვალეობა, ვალდებულება. ჩვენმა ჯარისკაცებმა იცოდნენ და იციან, რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და რას ნიშნავს, იყო სამშობლოს ჯარისკაცი და მცველი. ამავე დროს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს თავისი ვალდებულება. ეს უნდა გავმიჯნოთ. ჯარისკაცს აქვს თავისი მოვალეობა და ვალდებულება, სახელმწიფო მეთაურებს, ინსტიტუციებს, ხელისუფლებას, ეს იქნება პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო თუ ა.შ. ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, მთავარი ვალდებულებაა, შევასრულოთ ჩვენი როლი და ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე.

ჩვენი ვალია, დავიცვათ სამშობლო, სამშობლოს ინტერესები. ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, რათა ავარიდოთ ჩვენ სამშობლოს ყველა ხიფათი. უსაფრთხოება არის პირველ რიგში. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ამიტომ, ნუ ეფარებიან ის ადამიანები ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ სიმართლე და თავად გადაწყვიტონ, რა რეალობა იყო ქვეყანაში.

„ჩემი პირადი აზრია არა როგორც პრეზიდენტის, არამედ როგორც ერთი მოქალაქის, მანამდე მე ვიყავი პარლამენტის წევრი, ხშირად გამოვთქვამდი აზრს მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებზე, რა და როგორ ჩაიდინა, მაგრამ რადგან ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, პატივს ვცემთ ჩვენს ინსტიტუტებს, დაველოდოთ გამოძიებას. ახალგაზრდები, რომლებიც ქილიკით საუბრობენ, რადგან მაშინ პატარები იყვნენ, ზოგი ბაღში დადიოდა, ზოგმა არ იცოდა, რა ხდებოდა. როცა დასრულდება გამოძიება, ექნებათ საშუალება, გაიგონ სიმართლე. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სიმართლეს და შემდეგ თავად გადაწყვიტონ, რა იყო რეალობა, რომელიც მაშინ სუფევდა საქართველოში.

თქვენ 2008 წლის დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? რატომ არ საუბრობდნენ, როგორც ახლა მე ვსაუბრობ? მაშინდელი ხელისუფლება რას საუბრობდა? საუბრობდნენ 7 და 8 აგვისტოს, შემოვიდნენ რუსებიო? არქივს ვერ წაშლით. ეს ბიჭები შეეწირნენ. იმ ხელისუფლების წარმომადგენლები 7 და 8 აგვისტოს არ ახსენებდნენ საერთოდ რუსეთს. არ ახსენებდნენ და არის არქივი, რა გააკეთეს? რატომ არ თქვეს, რომ შემოსული იყო და რატომ არ უზრუნველყვეს ჩვენი საზოგადოება, რათა ეცნობებინათ, რომ 7- ში შემოსული იყო რუსეთის ჯარი. რატომ არ უზრუნველყვეს ეს ყველაფერი. არქივი არსებობს, ჩართეთ და ნახეთ. რუსეთი იმ შუაში არის, რომ შემდეგ 30 სტრატეგიული ობიექტი მიყიდეს, მაშინ არ იყო რუსეთი? ლარსზე რომ იდგა მაშინდელი პრეზიდენტი და ელოდებოდა რუს ტურისტებს, მაშინ რუსეთი არ იყო დამნაშავე? იცით, ჩვენ რა გავაკეთეთ? საქართველოს კი არ ვაბრალებთ, საქართველოს არ ვაბრალებთ. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება, ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვინც დანაშაული ჩაიდინა ჩვენი სამშობლოს წინაშე, ვინც არ უნდა იყოს, ვინც იყო ხელისუფლებაში, ამათ დიდებას უკან ვერ ამოეფარება. პასუხი აგოს ყველამ თავის საქციელზე. როცა 7-ში აქ შემოდიოდა თურმე რუსეთი, არ ეუბნება საკუთარ საზოგადოებას და პირდაპირ მიდის და იწყებს მანევრებს. თქვენ მოგიწევთ ამ სიმართლის აღიარება. ან მოგიწევთ აღიარება, ან დაემორჩილებით საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას. ჟურნალისტი თუ ბრძანდებით, არქივს ჩახედეთ და თქვენ თვითონ გასცემთ პასუხს, რას აკეთებდა მაშინდელი ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.