მიხეილ ყაველაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის იყოს უფრო მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა

მიხეილ ყაველაშვილი

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის უფრო მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ახალ ინიციატივებზე ისაუბრეს.

„ჩვენს ღირებულებებს, ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას როგორც ქართველებისთვის, ასევე სერბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს მომეცემა საშუალება, ვესტუმრო წმინდა ტაძარს ბელგრადში, მოვინახულო მისი უწმინდესობა, პატრიარქი. ამას ჩვენი ხალხისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, დიდ პატივს ვცემთ ჩვენს სარწმუნოებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა იყოს. ძალიან ბევრი შეხება არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. თქვენ ისაუბრეთ ახალ ინიციატივებზე, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ საშუალებებს მოგვცემს. საუბარი გვქონდა იარაღის წარმოებებზე, სოფლის მეურნეობის დარგზე. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში, გეოგრაფიულადაც და რელიეფურადაც. დიდი შესაძლებლობებია, საქართველოში ყველა პირობაა, რომ ჯანსაღი პროდუქცია იწარმოებოდეს. ამაზე გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ურთიერთობა მოგვცემს საშუალებას, სოფლის მეურნეობის დარგშიც, ამ მიმართულებითაც მივაღწიოთ წარმატებებს “, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.