მიხეილ სარჯველაძე: უნდა შევაქოთ ექიმები, რომლებმაც მართლაც 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს. ამ ბრიგადების მეშვეობით, პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთდა, რომ მოქალაქეებისთვის სერვისები ხელმისაწვდომი ყოფილიყო

მიხეილ სარჯველაძე

უნდა შევაქოთ ექიმები, რომლებმაც მართლაც 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს. ამ ბრიგადების მეშვეობით, პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთდა, რომ მოქალაქეებს, რომელთაც სჭირდებოდათ სერვისები, მათთვის ეს სერვისები ხელმისაწვდომი ყოფილიყო, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, სტიქიის მიუხედავად, ჰქონდათ საშუალება ექიმთა მობილური ჯგუფების მეშვეობით მიეღოთ სათანადო დახმარება.

„მობილიზებული გვყავს ჩვენს სისტემაში მოქმედი ექიმების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ვიდრე უშუალოდ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებას განახორციელებენ, სატელეფონო კავშირის მეშვეობითაც ხაზზე იმყოფებიან და საჭირო რჩევებითა თუ საჭირო ინფორმაციის მიწოდებით, ყველას საჭირო სერვისს ისინი აწვდიან.

ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით მართლაც არაჩვეულებრივი სამუშაო გასწიეს. უნდა შევაქოთ ექიმები, რომლებმაც მართლაც 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს. ამ ბრიგადების მეშვეობით, პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთდა, რომ მოქალაქეებს, რომელთაც სჭირდებოდათ სერვისები, მათთვის ეს სერვისები ხელმისაწვდომი ყოფილიყო“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების მიწოდების საკითხზეც ისაუბრა. მისივე თქმით, სტიქიის პირველივე დღეებიდან რეგიონებში ხდებოდა მედიკამენტებზე საჭიროების მიხედვით ინფორმაციის მოკრება.

„ყველა პაციენტს, რომელსაც კონკრეტული საჭიროება ჰქონდა კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებაში, ყველა ასეთი პაციენტი უზრუნველყოფილია სათანადო მედიკამენტებით. ეს პროცესი ასეც გაგრძელდება. იმედი მაქვს, ძალიან მალე იქნება შესაძლებელი, ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ამას სულ რამდენიმე დღე დასჭირდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.