1746644378
მიხეილ სარჯველაძე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში - შესაძლებლობები და გამოწვევები, - ჯანდაცვის მინისტრი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გამართულ, რიგით მე-19 დისკუსიაში მონაწილეობდა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანელური დისკუსიის მონაწილეებმა, ჯანდაცვის სისტემაში, სადაზღვევო კომპანიების პოტენციური ინტეგრაციაზე, სადაზღვევო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. ასევე, საკუთარ გამოსვლაში, უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, პაციენტის ინტერესების კიდევ უფრო უზრუნველყოფისთვის, კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, DRG დაფინანსების მოდელსა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება დაეთმო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სტაციონარულ სამედიცინო სერვისებზე თანაგადახდის შესაძლებლობას.
მიხეილს სარჯველაძის განცხადებით, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს.
პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, „არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი მონაწილეობდნენ, რომლებმაც სადაზღვევო სექტორში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.