მიხეილ სააკაშვილი არის მავნებელი, ან გაუთიშონ ინტერნეტი, ან გადაიყვანონ ციხეში, ფაქტია, თავს კარგად გრძნობს - ანა ბუჩუკური

ანა ბუჩუკური

მიხეილ სააკაშვილი არის მავნებელი, ან გაუთიშონ ინტერნეტი, ან გადაიყვანონ ციხეში, რადგან ფაქტია, თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, სააკაშვილს არ უნდა მიეცეს პირდაპირ ეთერში საუბრის საშუალება. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, სხვა პატიმრებს ამის უფლება არ აქვთ.

„მიხეილ სააკაშვილი არის მავნებელი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მავნებლობს, მაშველ რგოლად ევლინება ივანიშვილს და მის ე.წ. ხელისუფლებას. აღარ მომაყოლოთ, 2021 წლიდან დაწყებული, რამდენჯერ შეასრულა მან ეს როლი. ამიტომ ვამბობთ, ან გაუთიშონ ინტერნეტი, ან გადაიყვანონ ციხეში. სააკშვილთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა კითხვის ნიშნები, რასთან დაკავშირებითაც მე პასუხი არ მიმიღია. სააკაშვილი ჩემთვის არც პოლიტპატიმარია და მეტსაც გეტყვით, გადაიყვანონ ციხეში, რადგან ივანიშვილი ძალიან კარგად იყენებს სააკაშვილს მაშველ რგოლად. ახლა ხომ ფაქტია, რომ მშვენივრად გამოიყურება? ინტერნეტი გაუთიშონ, რადგან მავნებლობს, პირდაპირ ეთერებს ნუ აძლევთ, რადგან პატიმარია. სხვათა შორის, სხვა პატიმრებს არ აქვთ ამის უფლება. ან გადაიყვანონ ციხეში, რადგან ფაქტია, თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.