მეტროში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არავის მხრიდან ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა - კალაძე

კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საინფორმაციო პლაკატების უნებართვოდ განთავსებას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და რამდენიმე მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა.

„მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით არავის მხრიდან ყოფილა ნებართვა გაცემული და ვერც იქნებოდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. მსგავს ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება - შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერით „მოღალატე ჯაშუშები“ და „ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“. პლაკატებზე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩანან. მათ შორის ელენე ხოშტარია, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური. ეს არის პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებაზე, რომ თბილისში რუსული ოცნებისა და რუსულ კანონზე ხელმომწერების პოსტერებია გამოკრული.