1757593434
მელიქიშვილის გამზირზე 8-9 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ სამი ადამიანს პროკურატურა ბრალს კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენს - „ქრონიკამ“ შსს-ს მიერ დაკავებულების ვინაობა გაარკვია

მელიქიშვილის გამზირზე 8-9 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ სამი ადამიანს პროკურატურა ბრალს კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენს, რის შემდეგაც მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს.
„ქრონიკამ“ გაარკვია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულების ვინაობა. ერთია ზაზა მამალაძე, რომელმაც ქალს დაარტყა, მეორე დაკავებულია ირაკლი ბუაჩიძე, რომელმაც წაქცეულს ხელკეტი დაარტყა, მესამე კი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის დააკავეს. დაკავებულთაგან ორი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, ერთი კი ოპოზიციის აქტივისტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მომხდარ ფაქტებთან შეხების მქონე ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. შსს-ში განმარტავენ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.