მე ვერ გეტყვით დიდი ბრიტანეთი რა ზომებს მიიღებს, მაგრამ ცალსახაა ის, რომ ივანიშვილის დამსახურებაა სტრატეგიული ურთიერთობების დასრულება - თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია

"კომიკური და რეალობას მოწყვეტილი," - ასე აფასებს მმართველი გუნდი თემთა პალატაში გამართულ განხილვას, რომელზეც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხზე იმსჯელეს.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ახსენა დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევები და ამის გამო შეშფოთება გამოთქვა. სტივენ დაუთმა თქვა, რომ ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა შეაჩერა, დააწესა სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის, სავიზო აკრძალვები და განაგრძობს მუშაობას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად.

აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება. "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, "შეშფოთება, რომელიც გამოითქვა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისგან არის გამოწვეული."

"შეშფოთება, რომელიც გამოითქვა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის ივანიშვილისგან გამოწვეული. მე ვერ გეტყვით, რა ქონება აქვს ივანიშვილს, რა დარჩა და რა არ დარჩა დიდ ბრიტანეთში, ისევე, როგორც მე ვერ გეტყვით, დიდი ბრიტანეთი რა საპასუხო ზომებს მიიღებს. მაგრამ ცალსახაა ის, რომ ივანიშვილის დამსახურებაა დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დასრულება და იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დასრულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო," - აღნიშნა აქუბარდიამ.

ამის გარდა, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პაატა მანგალაძის შეფასებით, "ბრიტანული სანქციები ბევრად უფრო მტკივნეულია ბიძინა ივანიშვილისთვის, ვიდრე ამერიკული სანქციები."