მე მშვიდობის ბანაკში ვარ - სიიარტო საქართველოსთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე

 პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ მისი ესტონელი კოლეგის მარგუს ცაჰკნას კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის და უნგრეთი მშვიდობის მომხრეთა ბანაკში არიან. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

ცაჰკნამ უნგრეთი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ოფიციალურმა ბუდაპეშტმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც გუშინ ბრიუსელში გაიმართა, საქართველოსთვის პერსონალური სანქციების შემოღების იდეას ვეტო დაადო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ „უნგრეთი სხვა ბანაკშია“.

„ის [ცაჰკნა] ომის მომხრეთა ბანაკშია, ხოლო მე მშვიდობის მომხრეთა ბანაკში ვარ. ეს არის რეალობა“, - ციტირებს კოვაჩი სიიარტოს.