მე მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, არა მხოლოდ ჩვენი აქტივის წარმომადგენელს და მომხრეს, ნებისმიერს, თქვენი ყველა ხელის მოქნევა „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერის თუ წარმომადგენლის წინააღმდეგ ემსახურება "ნაცების" საქმეს - მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე თავდასხმაზე

მამუკა მდინარაძე

მე მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, არა მხოლოდ ჩვენი აქტივის წარმომადგენელს და მომხრეს, ნებისმიერს, თქვენი ყველა ხელის მოქნევა „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერის თუ წარმომადგენლის წინააღმდეგ ემსახურება ნაცების საქმეს, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თუ  პარლამენტში მასზე მიპარვით გაქნეული ხელი, არ იყო ვაჟკაცური საქციელი და არაკაცობად შეფასდა ყველას მხრიდან, არც ახლა შეიძლება ვაჟკაცურ საქციელად ჩაითვალოს მსგავსი ქმედება.

„შეიძლება ვიღაცა გულწრფელად გაბრაზებული იყოს და ესე მოქმედებდეს, არ ვიცი ამ შემთხვევაში ამასაც გამოკვლევა ჭირდება კარგი, ნებისმიერი ხელის გაქნევა მათ წინააღმდეგ აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ მათ საქმეს. რაც არ უნდა ნეგატიური ემოცია გამოძრავებდეთ, რაც არ უნდა გამწარებული იყოთ, რაც არ უნდა სხვა ემოციები გამოძრავებდეთ, თუკი მათ წინააღმდეგ ხელს გაიქნევთ ეს აუცილებლად მათ გამოადგებათ, როგორც ახლა გამოადგათ, საერთოდ ჩამკვდრები იყვნენ, საერთოდ არაფერი არ ხდებოდა, დაბოდიალობდნენ, ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით, წინ და უკან და ყველა მათგანი, გარდა  „ნაცმოძრაობისა“, ცდილობს, რომ 5%-იან ბარიერს რაღაცნაირად მიუახლოვდეს. მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ და ახლა თუ ხელს გავიქნევთ მათ წინააღმდეგ, ხელს შევუწყობთ იმაში, რომ  გაცოცხლდნენ პოლიტიკურად. „ნაცზე“ მეტად არავის აწყობს ეს ყველაფერი.  თუ გუშინ და გუშინ წინ პარლამენტში მიპარვით გაქნეული ხელი, მე შემიძლია ამის ლაპარაკი, არ იყო ვაჟკაცური საქციელი და არაკაცობად შეფასდა ყველას მხრიდან, ახლა მთლად ვაჟკაცური საქციელი ვერ გამოდგება. ამიტომ, ყველას ვთხოვ ნუ გააკეთებენ „ნაცების“ საქმეს და ხელის ქნევას მათ წინააღმდეგ თავი დაანებონ, იმიტომ, რომ არაფერი უფრო მეტად მათ წისქვილზე  არ დაასხამს წყალს ვიდრე ეს მოქმედება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიაზე თავდასხმას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება და ასევე აუცილებლად გასარკვევია, ხომ არ ჰქონდა თავდამსხმელს რაიმე კონტაქტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„რაც შეეხება რეაგირებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო რეაგირება მოჰყვება ამ ყველაფერს.  და ერთ რამეს დავამატებ, რასაც არ ვამბობ შემთხვევით, ვამბობ ხაზგასმით, დეტალურად არის გამოსაკვლევი იქ რაიმე კონტაქტი არის თუ არა ვინმესთან რამესთან, რაღაც ინფორმაციები არსებობს, რაზეც ხვალ და ზეგ ალბათ უფრო თამამად ვილაპარაკებ, რაღაც კონკრეტული ინფორმაციები მეც მაქვს, მათ შორის, მე ვიცი, რომ თქვენც გაქვთ რაღაც ინფორმაციები, მაგრამ ხვალ და ზეგ უფრო თამამად ვილაპარაკოთ, ჯერ თქვან თავად „ნაცებმა“, რაიმე კონტაქტი ხომ  არ არსებობს, რაიმე ბმა ხომ არ არსებობს და შემთხვევითი არის თუ არა ეს ყველაფერი, არ ვიცი იმ ახალგაზრდა კაცს,  რაც ჩაიდინა იმის ზემოთ არ მინდა რამე დავაბრალო და გავარკვიოთ ჯერ ეს ყველაფერი და მერე ვილაპარაკოთ ამაზე. თურმე როგორც თავად უთქვამთ დედა იყო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიაში და დაც ასევე „ნაცმოძრაობის“  წარმომადგენელია საუბნო საარჩევნო კომისიაში, ეს არის ფაქტი. დანარჩენზე დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს. და და დედა არიან „ნაცების“ წარმომადგენლები, შეიძლება შვილი ჩვენი მომხრე იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავ. თუ ჩვენი მომხრეა მით უმეტეს,  მას და სხვასაც მივმართავ - ნაცების წისქვილზე ნუ დაასხამენ წყალს“, -  აღნიშნა მდინარაძემ.