მათ მიეცათ ნათელი დავალება იმ მიმართულებით თუ რა უნდა გაკეთდეს. ამ კანონების შინაარსი არის ფუნდამენტურ აცდენაში ევროპულ კავშირთან - გრიგოლ გეგელია ვიზალიბერალიზაციის შესახებ

გრიგოლ გეგელია

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზე მუშაობს. რიკარდ იოზვიაკმა საავტორო ბიულეტენში დაწერა, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის ბრიუსელს წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, რაც, მისი ინფორმაციით, უკვე მიღწეულია.

იოზვიაკი წერს, რომ ევროკომისიის რვა კრიტერიუმის შესასრულებლად საქართველოს ვადა აგვისტოს ბოლოს ეწურება, მათ შორის არის კანონები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ.

"ქართულო ოცნებაში" შანტაჟსა და ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გაუგებარია რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ორ კანონს ვიზალიბერალიზაციასთან.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ევროკავშირისგან ძალიან კონკრეტული დავალება ჰქონდა მიღებული თუ რა უნდა გაეკეთებინათ. მისი თქმით, თუ ევროკავშირის წევრობა გინდა, მათი წესები უნდა დაიცვა.

"მათ მიეცათ ძალიან ნათელი დავალება იმ მიმართულებით, თუ რა უნდა გაკეთდეს. ამ კანონების შინაარსი არის ფუნდამენტურ აცდენაში ევროპულ კავშირთან. უვიზო გვსურს სად? - ევროპულ კავშირში. თუ შენ გსურს ამ კლუბის წევრობა, უნდა დაიცვა ის წესები, რომლებიც აქვს ამ კლუბს. ეს არის ძალიან გაზომვადი საკითხი, არ საჭიროებს მარჩიელობას და ძალიან მარტივად განჭვრეტადია შეინარჩუნებ თუ ვერა მას", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, "გამჭვირვალობის შესახებ კანონი" ცალსახად გასაუქმებელია.

"გამჭვირვალობის შესახებ კანონი", რომელიც მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიების მიზნით, ჩემი აზრით, ცალსახად გასაუქმებელია. რაც შეეხება მეორე კანონს, სიმართლე გითხრათ არ ვიცნობ და არ მჯერა, რომ "ქართული ოცნება" რაიმე ფორმით ამ ქვეყანაში იცავს ტრადიციულ ღირებულებებს. ჩვენი საგარეო გუნდი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მაინც მოხდეს კონკრეტული, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირება. იმავენაირად ვმუშაობთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.