1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„იმდენად მაღალია ჩვენი ქვეყნის დამორჩილების ინტერესი, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოყენებულია ყველანაირი აკრძალული მეთოდი, რაც რისკის ქვეშ აყენებს და მეტიც, ფეხქვეშ თელავს ფუნდამენტურ ღირებულებებს,“ - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
შაქარიშვილი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილზე ზეგავლენის მოხდენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარული საბანკო სისტემის სანდოობაც კი ეწირება მას.
მისივე თქმით, ღიად უნდა ვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს.
„ქართული სახელმწიფოს დასუსტება(შემდგომში დამორჩილების მიზნით) ორ გარემოებაზე გადის - ბიძინა ივანიშვილის სანქცირება/შეზღუდვა და სააკაშვილის გათავისუფლება. ეს ორი პროცესი პირდაპირ კორელაციაშია ერთმანეთთან და იმართება ერთი ცენტრიდან. აღნიშნული ამოცანების აღსრულებისთვის მუშაობს უდიდესი მანქანა, დაწყებული - შვეიცარული ბანკით, დასრულებული - ევროკავშირით. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც სხვა აბსურდულ ჩანაწერებთან ერთად, ვკითხულობთ “რეკომენდაციებს” - სააკაშვილის გათავისუფლების და ივანიშვილის სანქცირების შესახებ. კარგად გვახსოვს, რომ ივანიშვილს ჯერ საკუთარი თანხები მოპარეს, შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილება არ აღასრულეს(და ამის საფუძვლად სწორედ ზემოთ ხსენებული რეზოლუცია გამოიყენეს), ახლა კი მედიაზე წვდომასაც უზღუდავენ, რომ ვერ მოახერხოს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება რეალური და ობიექტური გარემოებების თაობაზე. ეს მაშინ, როდესაც ერთ დროს ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების პირველი გვერდები აჭრელებულია სააკაშვილის სიმულაციის ამსახველი ფოტოებით და შეკვეთილი ფეიკ-სტატიებით.
რაც შეეხება ევროკავშირს, კორუფცია და ბინძური ინტერესები გაკვირვებას ნამდვილად აღარ იწვევს, საკმარისი იქნება გავიხსენოთ ბოლო დროს განვითარებული “კატარგეიტის” კორუფციული სკანდალი… ზოგადად, ჩვენ თვალს ვადევნებთ ევროპული ბიუროკრატიის დეგრადირების ძალიან სწრაფ პროცესს, რომელიც სამწუხაროდ უკვე შეუქცევად ხასიათს იღებს. იმდენად მაღალია ჩვენი ქვეყნის დამორჩილების ინტერესი, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოყენებულია ყველანაირი აკრძალული მეთოდი, რაც რისკის ქვეშ აყენებს და მეტიც, ფეხქვეშ თელავს ფუნდამენტურ ღირებულებებს - კერძო საკუთრების უფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ა.შ. ივანიშვილზე ზეგავლენის მოხდენა, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარული საბანკო სისტემის სანდობააც კი ეწირება მას. როგორც ირკვევა, შელახული რეპუტაციის “კრედიტ სუის”-ის აქციები, ივანიშვილთან მიმდინარე დავის ფონზე, მსოფლიოს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანია “ბლექროკმა” შეისყიდა. აღნიშნულმა კომპანიამ ჩემი ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო(გასულ კვირას თემაზე სტატია გამოვაქვეყნე), რაც ზელენსკიმ “ბლექროკთან” გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ომის შემდეგ უკრაინის რეაბილიტაციის პროცესს “ბლექროკი” უხელმძღვანელებს. აქ საინტერესო ის გახლავთ, რომ “ბლექროკი” იარაღის წარმოების და ვაჭრობის სექტორის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ინვესტორია და უდიდეს შემოსავალს იღებს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი და გასაგზავნი იარაღის წარმოება/გაყიდვიდან.
დავუბრუნდეთ დამკვეთებს და მართვის ცენტრს - აღნიშნული ძალები სრულად აკონტროლებენ მეინსტრიმულ მედიას და აწესებენ ცენზურას; განსაზღვრავენ პოლიტიკას სხვადასხვა ქვეყნებსა თუ გაერთიანებებში; ისინი უკვეთავენ ევროპარლამენტის რეზოლუციებს, რამდენად აბსურდულიც არ უნდა იყოს მათი შინაარსი; ისინი გვკარნახობენ რა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და რა არა; უხეშად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში; გველაპარაკებიან მენტორული ტონით, გვაძლევენ საშინაო დავალებებს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, სადამსჯელო ღონისძიებებით გვემუქრებიან… გვთხოვენ ჩვენი სიცოცხლე მათი ინტერესების სამსხვერპლოზე მივიტანოთ… ჩვენ კი, დღემდე კონსტიტუციაში ამაყად გვიწერია - ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და შევყურებთ რა პასუხს მოგვცემენ წლის ბოლოს “კანდიდატის სტატუსის” საკითხზე… ღიაა ბრძოლაა და აღარ უნდა არსებობდეს ტაბუირებული თემები, უნდა მოხდეს დესაკრალიზაცია! ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს.“- წერს შაქარიშვილი.