ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც 2011 წლის ვეტერანების აქციასთან დაკავშირებული მოვლენები განიხილება, ვეტერან მალხაზ თოფურიას უსმენენ.
მალხაზ თოფურიამ კომისიის სხდომაზე განმარტა, რამ განაპირობა ვეტერანების შეკრება გმირთა მოედანზე და მათი მიერ შიმშილობის გამოცხადება.
„არ იფიქროთ, შიმშილობის აქციას ვგეგმავდით და ვამბობდით, მოდი, იმ კვირიდან დავიწყოთო. ორთაჭალაში, ეროვნულ გვარდიაში იყო კუთხე ომში დაღუპული ბიჭების სურათების, ძირითადად სამაჩაბლოში, აფხაზეთში დაღუპულების და გვარდიელების. მუდმივად კანდელი ენთო, წმინდა ადგილივით იყო. მეტიც, ამერიკელები რომ ჩამოდიოდნენ, იცოდნენ, რომ ასეთი რამ არსებობდა და სანახავად მოდიოდნენ ხოლმე. ღირსეული კუთხე იყო. მოგვიანებით ეს შენობა შეიცვალა, გადავიდა ჯერ თავდაცვაში, შემდეგ ცალკე შენობა იყო, ბევრად დაბალი ხარისხის, ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. მაგალითად, დიდი ჰოსპიტალი იყო და გაქრა. შევარდნაძის დროს ვეტერანებთან დაკავშირებით უკეთესი პაკეტი იყო და კიდევ უფრო გაუარესდა სააკაშვილის დროს. 2008 წელს დაინიშნა ნაბრძოლი ვეტერანი, დათო აფციაური, რომელმაც სურათები აღადგინა, გააკრა იქ. დათო აფციაური ჩვენი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო. შემდეგ აფციაური მოხსნეს, ჩამოხსნეს სურათები, რემონტი კეთდებაო და ყუთებში ჩაალაგეს. რემონტიც ჩატარდა, ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სურათებს აღარ ეღირსებოდა ღირსეულ ადგილას დაკიდება, იდო და იდო ყუთში, თუმცა არავინ ერჩოდა. შემდეგ გვარდიაში გამოჩნდა ისეთი სარდალი, რომელმაც ყუთებიდან სურათები გადმოყარა და წიხლებით შედგა, ესენი როდემდე უნდა მეყაროს აქო და ნაგავში გადაყარა. ეს სარდალი იყო გვარად წაქაძე. ჯერ გვარდიას რომ სარდლად კაპიტანს დაუნიშნავ. როგორც ახალი ჯიში გამოჰყავდათ, ისე გამოიყვანეს ჯიში წაქაძის სახით. „სააკაშვილის გმირის“ ყველა ნორმატივს ასრულებდა. 200 ბიჭის სურათი იყო, ავარიაში და გულით მკვდარი არცერთი არ იყო, ბრძოლაში დაღუპულთა სურათებზეა საუბარი. სააკაშვილმა ნამდვილად გაიმარჯვა, რადგან ვერავინ გაბედა ხმის ამოღება, ერთი ოფიცრის გარდა, რომელიც ჩვენი თანამებრძოლი იყო, ზურა სიდამონიძე, მოკრიბა სურათები, თავის მანქანაში ჩაალაგა. ამ ბიჭის ტრაგედია კიდევ ცალკე საკითხია. ალბათ კომისიაზე არ მოვა, რადგან ამის გამო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვები აქვს. რამდენიმე ოფიცერმა უთხრა, რას აკეთებ, ხომ იცი, რაც მოგივაო. ის ოფიცრები ლოგიკურად აზროვნებდნენ, მაგრამ არა ღირსეულად. მათაც გული სწყდებოდათ, მაგრამ ვერ ბედავდნენ, დრო იყო ისეთი, წაქაძემ თქვა და დამთავრდა.ზურა სიდამონიძე ეს სურათები მოიტანა ჩვენთან ოფისში. კაკაბაძეზე გვქონდა ოფისი, გია ყარყარაშვილის ვეტერანთა ლეგიონი იყო. ვერ ვიჯერებდით. ერთხმად შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, გმირთა მოედანზე წავსულიყავით. 25 დეკემბერია, ყინავს. ვთქვით, წავიდეთ, დავსხდეთ საშიმშილოდ და ვიღაც გამოგვეხმაურება, დასჯიან ამ ავაზაკსო. პირდაპირი გაგებით, 8-9 დღე ვეყარეთ იქ. 3 იანვარს დაგვარბიეს.
ყველა მხრიდან კამერები დაგვიყენეს, ნასედკები, მოგვადგებიან და გვეუბნებიან, თუ ავტომატი არ ვიხმარეთ, მიშას ვერ მოვიცილებთ, ეს ნომრიანი გარეწრები. მოგვადგებიან ხოლმე, პლანს ხომ არ მოწევო. მოგვისვეს „მიკროფონიანი ვეტერანები“, მოკლედ ყველაფერი ქნეს, მაგრამ არ გამოსდით. ისეთი ნაწილები ვიყავით, გამოცდილები, ძლიერები, ნაომრები – „თეთრი არწივი“, „შავნაბადა“, „დეშებე“, „ავაზას ბიჭები“. ძალიან გვიჭერდნენ მხარს სოხუმელი თანამებრძოლები. კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია ადამიანურად მოდიოდა. ვერაფრით გავაჟღერეთ, რომ იმას კი არ ვითხოვდით, მოგვხედე, მაჭამეო, 1992 წელს რომ ვიბრძოდი, ახლა დღეს შენ უნდა შემინახოო. ამას არ ვითხოვდით, ეს სირცხვილად მიმაჩნია. დაღუპულის ოჯახი და დაჭრილი კიდევ სხვა არის. ბევრი საქართველოში იმასაც ამბობს, სააკაშვილს ძველები არ უყვარდა, ახლები უყვარსო. არა, ახლები ჩვენზე ძალიან ეზიზღებოდა, 2008 წლის ბიჭები, რადგან იქ მეტი პრობლემა ჰქონდა. ვერცერთი კადრი ვერ აიღეს ჩვენი სამარცხვინო საქციელის, ან ნარკოტიკების, ან დალევის. კაცი რომ იტყვის, საშიმშილოდ დავჯექიო და ჩუმად სუსნაობ, აღარ არის ვაჟკაცური საქციელი. მართლა ვშიმშილობდით, ვინც ვერ გაუძლო, წავიდა, შეწყვიტა შიმშილობა“, – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.
ამასთან, მალხაზ თოფურიამ გაიხსენა ის დღე, როცა სააკაშვილის ექსკორტმა გაიარა გმირთა მოედანზე.
„პრეზიდენტის ესკორტი ჩერდება უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე, ეტყობა საიდანღაც ნაქეიფარი მოდის და უცბად გაახსენდა, ესენი კიდევ აქ ყრიან ან რაღაც ეგეთი. სავარაუდოდ, სურვილი ჰქონდა, გადმოსულიყო. პირდაპირ ვთქვი მიკროფონით, რომ პირში ვეტყვი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ-მეთქი. მიხვდა, რომ იქ თბილი ატმოსფერო არ დახვდებოდა, სიმართლეს ვეტყოდით. შეურაცხყოფაზე კი არ გადავიდოდით, ვეტყოდით იმის შესახებ, რაც ჩაიდინეს. ეს მის გარეშე არ ხდებოდა. თავდაცვის სამინისტროს აკადრა ყველაზე ცუდი. ვარაზის ხევის ასახვევში ჩვენ მხარეს იდგა სააკაშვილის ესკორტი. როგორც კი ესკორტი წავიდა, მოვიდა პატრულის რამდენიმე მანქანა და გვეუბნებიან, ქალაქის იერსახეს ამახინჯებთ, კარავი, ყუთი, სადაც სურათები გაქვთ, აიღეთო. ყუთი გვაქვს, რადგან ვიღაც მაინც მიხვდეს, რატომ ვსხედვართ, ტელევიზიაც ვერ აშუქებს. სხვათა შორის, მომხრე ტელევიზიებიც ვერ აშუქებენ. ყველა ლაპარაკობს ჩვენ მაგივრად, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ სამხედროს ლაპარაკის უნარი არ აქვს. მეომრის ღირსების შელახვა ხდება, იმაზე უარესი არაფერი არ არის. დავეთანხმეთ, დავემორჩილეთ პატრუილს, მანქანები მოიყვანეს, ყუთები ჩავალაგეთ, კარავი ავკეცეთ. კარავი იმიტომ არ გვქონდა, რომ შიგნით შევმძვრალიყავით, ქუჩაში, ყინვაში გვეძინა და რომ წვიმდა, თოვდა, ცელოფნებს ვიფარებდით. ერთი კარავი იდგა პატარა. ახლა გვითხრეს, საძილე ტომრებიც აუშნოებს ქალაქს და დასაფენიცო. ამაზეც დავეთანხმეთ, ავკეცეთ და დავწექი ცივ მარმარილოზე. რამდენ ხანსაც გავძლებ, ვიწვები-მეთქი. მომიწვა ყველა ბიჭი, არცერთს დაუხევია უკან. სულ ტელეფონზე იყვნენ კავშირზე. შემდეგ გვითხრეს, თქვენც აუშნოებთ ქალაქს, აქ რომ ხართ, საერთოდ ნუ ხართ აქო. ამასობაში ჩვენი მომხრეებიც მოვიდნენ, ირმა ინაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი და უკვე კამერებიც გამოჩნდა. არ ვიწვებით, დავდგებითო, ყველაფერზე ვეთანხმებით, ვექვემდებარებით. ბოლოდ თქვეს, რამდენს ლაპარაკობენო, ბრძანება მიიღეს და დაიწყეს ჩვენი ჩატენა, რომ დაგვაპატიმრონ. შემდეგ ითქვა, თურმე ქუჩას ვკეტავდით, რაც საერთოდ სასაცილოა“, – მალხაზ თოფურიამ.