მარკო რუბიოს პასუხი ნიშნავს, რომ რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა, იკვლევენ გარკვეულ გარემოებებს, იძიებენ მტკიცებულებებს - მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

მარკო რუბიოს პასუხი ნიშნავს, რომ რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა, იკვლევენ გარკვეულ გარემოებებს, იძიებენ მტკიცებულებებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიის გათვალისწინებით, რადიკალებს ტყუილად უხარიათ მარკო რუბიოს განცხადება.

„ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონის პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე საკმაოდ აბსტრაქტული და ზოგადი პასუხი იყო გაცემული. ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო. საუბარი იყო იმაზე, რომ ამერიკა კონკრეტულ გარემოებებსა და მტკიცებულებს იკვლევს და ეყრდნობა ადგილობრივ ბიუროებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ისე იღებს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტის მოძიებაა, თუ რა კონტექსტში იყო ეს ყველაფერი ნათქვამი, რაზე საუბრობდა მარკ რუბიო. როგორც კი მან კითხვაზე პასუხის გაცემა დაიწყო, სწორედ ეს სიტყვები თქვა, „როგორც უკვე მოგახსენეთ“, „როგორც აქამდე ვამბობდი“. მოცემულობა, რომ აშშ-მა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს ანტიამერიკულ ხელისუფლებაზე, ეს ბუნებრივია, შეერთებული შტატების ნებისმიერი ხელისუფლებისთვის პოლიტიკის ნაწილია.

ეს პასუხი ნიშნავს, რომ მთლიანად რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა და მათი მხრიდან გარკვეული გარემოებებისა და მტკიცებულებების მოკვლევა-მოძიება ხდება. ცალსახად თუ შევხედავთ და გავიაზრებთ ისტორიულ ჭრილში ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, რა თქმა უნდა, სულ ტყუილად უხარიათ რადიკალებს, რომლებიც ზეიმობენ ამ განცხადებას. ბუნებრივია, რომ აშშ-ში ახალ ხელისუფლებას სხვა დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს და ამიტომაც რეგიონთან მიმართებით ხდება ამ საკითხების მოძიება და მათ არანაირი კონკრეტული და ცალსახა პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული. ამასვე ადასტურებს ელჩის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე. ეს რადიკალების ჟრიამული მათი მხრიდან არის იმ სიტყვების მოსმენა, რომელიც მათ სურთ და არა ის, რაც რეალურად იყო ნათქვამი. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ რეგიონთან მიმართებითაც არ აქვს მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

21 მაისს წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა: „შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომ ჩვენ შევხედავთ და ვიტყვით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი ანტიამერიკული მთავრობის არსებობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში და თუ არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს“.