ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ს 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებასთან დაკავშირებით რუსეთთან კონტაქტი დღეს ექნება. ამის შესახებ რუბიომ ირლანდიაში განაცხადა, სადაც ის საუდის არაბეთიდან ჩავიდა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსულ მხარესთან მრავალი კონტაქტი იქნება.
„ჩვენ ყველა მოუთმენლად ველოდებით რუსეთის პასუხს და მოვუწოდებთ მათ დაჟინებით, განიხილონ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, რომ ადამიანების მკვლელობა შეწყდეს, რომ ტყვიების სროლა შეწყდეს და რომ დაიწყოს პროცესი მუდმივი მშვიდობის მისაღწევად. ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი არის იმის გაცნობიერება, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება შეუძლებელია. ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს სამხედრო გზით მათი მაქსიმალისტური მიზნების მიღწევას. ამ კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება, გვქონდეს მშვიდობა. ასე რომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი და რთულია პროცესის დაწყება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ესვრიან და ადამიანები იხოცებიან. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, ამ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შევძლებთ და დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან სადაც ორივე მხარე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბევრი მუშაობის შედეგად ორმხრივად მისაღებ შედეგს მიაღწევს, რაც უკრაინის შემთხვევაში უზრუნველყოფს გრძელვადიან კეთილდღეობას და უსაფრთხოებას“, – თქვა რუბიომ.
როგორ რუბიომ აღნიშნა, „მოდით, ვიქონიოთ იმედი, რომ რუსეთი შეთავაზებას დათანხმდება“. სახელმწიფო მდივნის თქმით, დონალდ ტრამპს სურს უკრაინაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობა, ცეცხლის შეწყვეტა არა 30 ან 60 დღით, არამედ მუდმივად, ამისთვის კი, ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ უკრაინა მას დათანხმდა. ახლა რუსეთმა უნდა თქვას „დიახ.“ ის თუ დათანხმდება, იქნება კარგი ამბავი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი წინ წავწიოთ. ისინი თუ უარს იტყვიან, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველაფრის შესწავლა და გარკვევა, თუ სად ვდგავართ მსოფლიოში და რა არის მათი ნამდვილი განზრახვა. ვფიქრობ, თუ ისინი უარს იტყვიან, ეს ბევრს გვეტყვის იმის შესახებ, თუ რა არის მათი მიზნები და როგორია მათი აზროვნება. თუმცა, არ მინდა ამაზე საუბარი, ვიდრე ისინი არ გვიპასუხებენ“, – თქვა რუბიომ.
მარკო რუბიოს თქმით, ყველა აცნობიერებს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება მარტივი და სწრაფი.