1776273799
მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის მეცნიერებთან და ექსპერტებთან სექტორის განვითარების გეგმა განიხილა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც აკადემიკოსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა ენერგეტიკის განვითარების ათწლიან სტრატეგიაზე, რომელიც დარგის პრაქტიკულად ყველა სეგმენტს მოიცავს და აღნიშნა, რომ სტრატეგიის განხორციელების პროცესში აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობას სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა სექტორში მიმდინარე მასშტაბურ რეფორმებზე, რომელთა მიზანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და განაცხადა, რომ ამ მიზნით, 2030 წლისთვის ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 11 500 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს.
მინისტრის განმარტებით, სტრატეგია ასევე მოიცავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას. მისი თქმით, უკვე შემუშავებულია ელექტროსისტემის განვითარების ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომელიც დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასაც ითვალისწინებს.
როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება, მათ შორის ხუდონის, ნამახვანისა და ნენსკრას ჰესები, რაც არსებითად შეცვლის სექტორის სტრუქტურას და გაზრდის ადგილობრივი გენერაციის შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზიფიცირების პროცესს, ენერგეტიკული ქსელის გაფართოებას და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი დინამიკა, რაც გენერაციისა და გადაცემის შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას საჭიროებს.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია მისასალმებელია, რადგან დარგში მომუშავე მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, განაგრძოს სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მათი ხედვები პოლიტიკის ფორმირების პროცესში გაითვალისწინოს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული მიმართულების დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.











