მარიამ ქვრივიშვილი: ქართული საბანკო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით

მარიამ ქვრივიშვილი

სახელმწიფო საბანკო სექტორის სწორი განვითარების აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი მუშაობის და ჩართულობის შედეგად მივიღეთ არაერთი კანონი, რომელიც ეხება კაპიტალის ბაზრის განვითარების, ღია ბანკინგს და ღია ფინანსებს, რამაც კაპიტალის ბაზარი 2023 წელს გააორმაგა და დღემდე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, „თბილისის ფინანსური სამიტზე“  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო რეგიონში გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და აბალანსებს, როგორც ინვესტორის დაცულობას, ასევე ბიზნესის მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა მინისტრმა.

სამიტი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის  (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

მინისტრის შეფასებით, ქართული საბანკო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და შესაბამისად, თბილისის ფინანსური სამიტიც რეგიონული და გლობალური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. ამის ნათელი დადასტურებაა დღის წესრიგში შესული საკითხები, მათ შორის, მომავლის ინოვაციების ციკლი, ბლოკჩეინის და ხელოვნური ინტელექტის როლი ფინანსურ სისტემაში, რეგიონში შესაბამისი რეგულაციებისა და პოლიტიკის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვისა თუ შუა დერეფნის პოტენციალის თემატიკა“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა თბილისის ფინანსური სამიტის ორგანიზატორებს – Global Finance and Technology Network-ს, რომელსაც გლობალურ დონეზე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის და რომელიც არაერთ ქვეყანაში ატარებს მაღალი დონის ფინტეკ ღონისძიებებს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მარიამ ქვრივიშვილმა სამიტის მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ხაზი გაუსვა მათთან ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობას ფინანსურ სექტორში რეფორმების კუთხით.