მამუკა მდინარაძე: სამთავრობო ტრადიცია, რომ იმ დღეს, როდესაც მთავრობა მტკიცდება, პრემიერი მთავრობის ახალ შემადგენლობას ეპატიჟება - ეს არის საქმიანი ვახშამი

მამუკა მდინარაძე

სამთავრობო ტრადიცია, რომ ყველა პრემიერი, ყველა დროში, იმ დღეს, როდესაც მტკიცდება მთავრობა, მთავრობის ახალ შემადგენლობას და პარლამენტიდან ერთ ან ორ ლიდერს ეპატიჟება, რომ აღნიშნონ ეს დღე და ხვალინდელი დღისთვის მოემზადონ. ამას საქმიანი ვახშამი ჰქვია, - ასე უპასუხა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE“, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ რესტორანში ზეიმობდა.

„ყველას დაავიწყდა, რომ დღეს მინისტრთა კაბინეტი დამტკიცდა. საქართველოს პარლამენტმა აირჩია საქართველოს მთავრობა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. ამის აღმნიშვნელი დღე იყო, სხვათა შორის 3-4 დღით ადრე დაგეგმილი. მე იმედი მაქვს, რომ დღეს დამტკიცებული მთავრობის საქმიანობა ევროინტეგრაციის, ქვეყნის შერიგებით გაერთიანების და სხვა მრავალი წარმატებული მიმართულებით იქნება ძალიან პოზიტიური“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.