მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: ერთ-ერთი მიზანი ესეც კი არის, რომ წინასწარ დავახარჯვინოთ ბოროტი ენერგია, მაგრამ მთავარი მიზანია, შანტაჟის იარაღი წავართვათ ხელიდან, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან

მამუკა მდინარაძე

ერთ-ერთი მიზანი ესეც კი არის, რომ წინასწარ დავახარჯვინოთ ბოროტი ენერგია, მაგრამ მთავარი მიზანია, შანტაჟის იარაღი წავართვათ ხელიდან, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან, - განაცხადა რადიკალებზე საუბრისას პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მან გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ აქციას არ ჰყოლია ლიდერი და მონაწილეები პირდაპირ ძალადობაზე გადადიოდნენ. აქციაზე პოლიციელთა დაშავების მიზნით ისინი გარკვეულ საგნებს ისროდნენ.

მდინარაძე ასევე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა და იგი არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ გაკეთებული განცხადებისთვის გააკრიტიკა.

„დააკომპლექსეს ლევან იოსელიანი. გუშინ განცხადება გააკეთა, [ძალის გამოყენება] არაპროპორციული იყოო. შურდულით რკინის ბურთულას, თავში დამიზნებით, ესვრიან პოლიციელს. შურდულიდან ნასროლი კენჭი არ ჩანს. რაც ჩანს - კენჭებით სავსე ბოთლები ხომ ჩანს, წყლით სავსე ბოთლები, ქვები ხომ ჩანს? გამაგებინეთ, არაპროპორციული როგორ იყო?! მშვიდობიანი იყო და თავს დაესხა პოლიციაო, ჩიტაძეზე რომ უტევს, რა უნდა მშვიდობიანი თუ არის?! ცეცხლს ანთებს, ბარიკადებს აწყობს, ეს მშვიდობიანია?!

ძალიან გთხოვთ, ყველამ შეიტანეთ ეჭვი ჩემს ნათქვამში და დამისვით შეკითხვები - ვთქვათ, 16 დეკემბერს არაფერი ხდებოდა. ორი ვერსიაა: გვაძლევდნენ საშუალებას, რომ მოლაპარაკება გახსნილიყო. გახსნან, იმ დღესვე მოვაწერთ ხელს. მეორე ვერსიაა - არ გვაძლევდნენ და ესენიც არ დაიწყებდნენ ახლა გაპროტესტებას, აქ „ქართული ოცნების“ ბრალეულობის გამოკვეთას არ დააპირებდნენ?! ანუ, არასწორი ვარაუდია და თუ ეს ასეა, უკვე აღარ გეუცნაურებათ ერთ საათში მოგროვებული ნიღბიანი ეკიპირებით, საბრძოლო, რაც შეიძლება რომ მომიტინგეს ხელში ჰქონდეს, ასეთი ნივთებით შეიარაღებული ხალხი.

რაც უნდა ექნათ 16 დეკემბრის საღამოს, ის გეგმა უბრალოდ გადმოუვიდათ წინ. დავასწარით და წინასწარ ვახარჯვინებთ ამ ენერგიას. ერთ-ერთი მიზანი ესეც კი არის, რომ წინასწარ დავახარჯვინოთ ბოროტი ენერგია, მაგრამ მთავარი მიზანია, შანტაჟის იარაღი წავართვათ ხელიდან, რომელი შანტაჟის იარაღიც უნდა ამოქმედებულიყო მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან. დანარჩენი უკვე არის ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობილი საკითხები, რომ შეტევაზე გადადიან ეს ადამიანები. ნახეთ, სოციალური ქსელები რა მოწოდებებია: საღებავები, ნივთები, ბარიკადები, რევოლუცია, აჯანყება! მათი აქტივისტების მხრიდან ერთი ადამიანი არ ამბობს, წამოდი, გავაპროტესტოთ, რაც შეიძლება ბევრი ვიყოთ, რომ ეს ასე არ იყოს. გასაგებია, რომ მოტყუვდა და ჰგონია, რომ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი და ამბობდეს - არ შეაჩეროთ! გადადგეს ან სხვა რაღაც“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულის ნაცვლად ისმის მოწოდებები, მოიმარაგონ საღებავები, ბოთლები, კვერცხები და ასე შემდეგ. მდინარაძის აზრით, ეს მშვიდობიანი მიტინგისთვის მზადება არ არის.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, აქციაზე 32 სამართალდამცველი დაშავდა, რომელტა ნაწილს მძიმე ხარისხის დაზიანებები აღენიშნება.