1748517062
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ქართველი ხალხი, შესაბამისად, არ წაჰყვება არავის, მათ შორის, არც აშშ-ს ისეთ ურთიერთობაზე, სადაც უნდა დაზიანდეს ქართული ინტერესი. განსაკუთრებით, თუ ეს შეეხება სუვერენიტეტის დაზიანებას

პირველი, ყველაფრის მოსასმენად მზად ვართ. ისეთები მოგვისმენია, ამის შემდეგ უარესს ვერაფერს გვეტყვიან, კულისებშიც და კულისებს გარეთაც, ღიად, საჯაროდ. მეორე, გვსურს თუ არა გადატვირთვა? - ჩვენ ყველასთან გვსურს გადავტვირთოთ ურთიერთობები, თუკი ვინმესთან ასეთი ურთიერთობა გაგვიუარესდა. ოღონდ მთავარი კითხვაა რის ხარჯზე? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ნინო შუბლაძესთან ერთად განიხილა ის მოცემულობა, რომელიც ამჟამად აშშ-ს და საქართველოს ხელისუფლებას შორისაა, მისი თქმით, მთავარია, ქართულმა მხარემ დაინახოს, რომ აშშ-ს ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება და თანაბარი პოზიციიდან მოხდეს საუბრის გაგრძელება. „მე და თქვენ დაგვეძაბა ვთქვათ ურთიერთობა, მე თქვენ გითვლით, ღიად ვაფიქსირებ, რომ მე თქვენთან მინდა კარგი ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ შენც ამას მიიღებ და თუ კი წამოხვალ და ჩუმად მინდა რაღაც შეხვედრაო და რაღაცები უნდა გითხრაო და შანტაჟის იარაღად შენს წინააღმდეგ რაც გამოყენებულ იქნა ჩემი მხრიდან ის ძალაში დარჩეს და მოდი ასე ვილაპარაკოთო მინიმუმ თავმოყვარეობის ამბავია შეიძლება გითხრა, რომ და ასეც მოხდა, რომ მოდი არა, ჯერ რაღაც დამანახვე, რომ ნამდვილად გინდა ჩემთან ურთიერთობის დალაგება და მერე თანაბარი პოზიციიდან გავაგრძელოთ საუბარი. შენ თან მსჯი, ეს იგივეა წაგებიან მდგომარეობაში გყავდეს (მათი გადასახედიდან, მაგრამ ეს ასე არ არის)“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნინო შუბლაძემ კითხვით მიმართა მამუკა მდინარაძეს, შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ბურთი ამერიკის მოედანზეა, რაზედაც მან უპასუხა, რომ რა თქმა უნდა ამერიკის მოედანზეა.
„რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძის წერილი ხომ ნახეთ? ბუნებრივია იმის შემდეგ ბურთი აშშ-ს მოედანზეა და კულისებში შეხვედრები კი არა, შეგხვდნენ კი ბატონო, ნებისმიერ რამეს მოვისმენთ. ნებისმიერ ჩვენგანს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ნებისმიერ ჩვენგანს შეგვხვდნენ, ნებისმიერ რამეს მოვისმენთ, ურთიერთობებსაც დავალაგებთ. მაგრამ რის ხარჯზე?! თუ ვიღაცას იმედი აქვს, რომ კულისებში ისეთ რაღაცას გვეტყვის, რაც არ ითქმება საჯაროდ და მერე ჩვენ ვუთხარით ისეთი რაღაცები, რაც გადატვირთვისთვის იყო საჭირო და ეს ჩემს ქვეყანას დააზიანებს, ბუნებრივია ამაზე არ წავყვები, არ წამოგყვებით თქვენ წეღანდელ მაგალითზე“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ქართველი ხალხი არ წაჰყვება არავის, მათ შორის, არც აშშ-ს ისეთ ურთიერთობაზე, სადაც უნდა დაზიანდეს ქართული ინტერესი. „„ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ქართველი ხალხი შესაბამისად, არ წაჰყვება არავის, მათ შორის, არც აშშ-ს ისეთ ურთიერთობაზე, სადაც უნდა დაზიანდეს ქართული ინტერესი. განსაკუთრებით, თუ ეს შეეხება სუვერენიტეტის დაზიანებას, ხარისხის დაწევას. როგორც იქნა ქართველებმა შეხედეს, რომ ჰყავთ ხელისუფლება, რომელიც ლაპარაკობს თამამად, დამოუკიდებლად და როგორც იქნა მიხვდნენ და იგრძნეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საქართველოში. როცა ეს ასე არ ხდებოდა და აბსოლუტურად დამოკიდებული იყო ხელისუფლება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.