მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე: არ ეგონათ, რომ გავუშვებდით პარლამენტიდან და ახლა ხოცავენ ერთმანეთს. ზოგს მილიონები აქვს გადახდილი პარლამენტის მანდატები რომ ხელში სჭეროდათ

მამუკა მდინარაძე

არ ეგონათ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით, გავუშვებდით პარლამენტიდან და ახლა ხოცავენ ერთმანეთს. ზოგს მილიონები აქვს გადახდილი პარლამენტის მანდატები რომ ხელში სჭეროდათ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში.

წამყვანმა მას ჰკითხა, არის თუ არა სასარგებლო დემოკრატიისთვის, რომ ოთხი ოპოზიციური პარტიიდან სამი პარტია პარლამენტში აღარ იქნება.

„დემოკრატიასთან ეს ხალხი არაფერ შეხებაში არაა. რა შუაშია დემოკრატია „ლელო“ და „ნაცები“?! ამას თავისი პლუსი და მინუსები აქვს, მათ შორის მათ ყოფნასაც [პარლამენტში], არ ყოფნასაც. სასწორის პინაზე ამ ყველაფერს რომ დაალაგებ, მთავარი არის ის, რომ რამდენ ხანს აძლევ იმის საშუალებას, რომ გამყოფოს მუდმივი საბოტაჟის რეჟიმში. რამდენჯერ „გაუტარებ“. წინა [მოწვევის პარლამენტის] შემთხვევაში დავაცადეთ, შემოვიდნენ და ამის სანაცვლოდ მოგვიწია შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა. შარლ მიშელის შეთანხმებიდან 10-დან 8 პუნქტი, 70-80%-მდე ისეთ დათმობებზე წასვლა მოგვიწია, რაც კონსტიტუციურ პრინციპებსაც კი ეწინააღმდეგება.

რაც მთავარია, ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან არ გამოდიოდა, მაგრამ იქაც აწონა მოგვიწია. თუ მათი როლი მხოლოდ საბოტაჟია, აღარ აძლევ ამის საშუალებას და ყრი მათივე ხელმოწერით. სხვათა შორის, არ ელოდნენ ამას, შოკირებულები იყვნენ. არ ეგონათ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით, გავუშვებდით პარლამენტიდან და ახლა ხოცავენ ერთმანეთს. ზოგს მილიონები აქვს გადახდილი პარლამენტის მანდატები რომ ხელში სჭეროდათ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

პარლამენტმა 5 თებერვლის სხდომაზე 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.