მამუკა მდინარაძე - მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც შემოწირულება ხდება ეს არის ბანკი, მეტი ადგილი საამისოდ არ არის - ახლა დაასკვენით, არის თუ არა შავი სალარო

მამუკა მდინარაძე

„შავ სალაროზე ხომ ლაპარაკობენ ყველა დროში და ყველა სივრცეში, „ნაცმოძრაობის“ პერიოდში ერევათ ამათ. ჩვენ, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საკმაოდ წინ წავიწიეთ რეიტინგებში და ამბიციური ამოცანა გვაქვს, რომ მსოფლიოს სამეულშიც კი მოვხვდეთ“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში, შავი სალაროს არსებობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებაზე.

მამუკა მდინარაძე მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თუკი ვინმეს პარტიისთვის შემოწირულების გაკეთება უნდა, „ერთადერთი ადგილი, სადაც შემოწირულება ხდება ეს არის ბანკი, მეტი ადგილი საამისოდ არ არის“. „ყველას გასაგონად ვამბობ. ჩვენიანი სხვისიანი არ აქვს მნიშვნელობა. პარტიულ ჩვენიანობაზე ვსაუბრობ. რაღაცები გამიგია, პარტიის სახელით იმას მოსთხოვეს იქ მიიტანა, აქ მოიტანა, ყველას ვაფრთხილებ, ერთადერთი სადაც შეიძლება შემოწირულება განხორციელდეს ეს არის ბანკი, შესაბამისი ანგარიშია ჩვენი იქ. პარტიის ფინანსებს რაც შეეხება - პარტიის ფინანსი შეიძლება იყოს ასეთი შემოწირულების სახით. რა თქმა უნდა, ჩვენ თანხების მობილიზაციას ვახდენთ და ათეულობით მილიონის მობილიზაცია ხდება, ეს არ არის დასამალი.

ბანკის იქით ერთმა ადამიანმა ან თუ გითხრათ, სადმე მომიტანე, პარტიაში, რომელიმე კაბინეტში, საჯარო თუ არასაჯარო უწყებაში, ოფისში სადმე, იცოდეთ, რომ ყველა არის ქრთამი. ასეთ თამამ განცხადებებს რატომ არ აკეთებდნენ თავის დროზე? ახლა მე ასე თამამი რატომ ვარ ამ განცხადებაში? კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორე, მთელი პასუხისმგებლობით, როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, რომელსაც დიახ, პარტიის ფინანსებთანაც მაქვს შეხება და სხვა არა ერთ საკითხთანაც, ბანკის გარდა, თუ პარტიის რომელიმე რგოლთან, ან რომელიმე უწყებასთან, ან სადმე მოგიწევთ ურთიერთობა, ე.ი. თქვენ მიგაქვთ ქრთამი და ციხეში ჩაჯდომაზე აწერთ ხელს. თუ ვინმე ლაპარაკობს, რომ სხვაგან რამე მიაქვს, ის იტყუება და თუ არ იტყუება და მართალია, ამის შესახებ უნდა მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, სამართალდამცავ უწყებებს იმისათვის, რომ გამოიძიონ რა ფულზეა ლაპარაკი და თუ ასეთი ხდება, ერთეული გამონაკლისი შემთხვევები, ვინ აბრალებს. ასეთი თუ კიდევ არის, ამას ბოლომდე უნდა აღმოფხვრა, მაგრამ ეს მინიმუმამდეა დაყვანილი და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რეალურად თუკი ვინმეს შემოწირულება უნდა, ამ შემოწირულებას სხვანაირად, გვერდითა გზით, ვერსად გააკეთებენ. ერთადერთი ადგილი, სადაც შემოწირულება ხდება ეს არის ბანკი, მეტი ადგილი საამისოდ არ არის. ახლა დაასკვენით არის თუ არა შავი სალარო“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.