მამუკა მდინარაძე: გაბედეს ვიღაც-ვიღაცებმა, შეგვაჩვიეს, ყური და თვალი შეაჩვიეს, რომ აქციაზე, სადაც ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილს“, შეუძლიათ თქვან - ეს არის მშვიდობიანი. აი, ეს არის ყველაზე არაობიექტურობა, ყველაზე ბოროტი ტენდენცია

მამუკა მდინარაძე

საქართველოში და გარედანაც გაბედეს ვიღაც-ვიღაცებმა, შეგვაჩვიეს, ყური და თვალი შეაჩვიეს, რომ აქციაზე, სადაც ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილს“, შეუძლიათ თქვან, ეს არის მშვიდობიანი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

აღნიშნულით მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ბენ კარდინის განცხადებას, რომ „გმობს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას შაბათს, პარლამენტის მიერ ჩატარებული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს“

მამუკა მდინარაძის თქმით, აღარ არის საინტერესო რამდენ ტყუილს იტყვის ვიღაც.

„ეს ვიღაც, სენატორი იქნება, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი იქნება თუ საგარეო საქმეთა მინისტრი, ტყუილი არის ტყუილი. ჩვენ, ვინ თქვა, იმაზე კი არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, არამედ, რა თქვა. წამება სად იყო. აბა მითხარით ერთი ფაქტი, რომ ვინმემ ვინმე აწამა და ამით შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი თავის პრეზიდენტობას თუ რაღაც სისულელეებს რომ წერენ. რა წამებაზე ლაპარაკობთ. ისინი თუ ლაპარაკობენ წინა დღეების აქციებზე, ყველა ადამიანს, სენატორს და გარედან რომ რაღაც „რაპორტებით“ ლაპარაკობს და როგორც აწყობს ისე ლაპარაკობს კი არა, ყველა ქართველს მოვუწოდებ, თუ უნდათ რაღაც გააპროტესტონ, ოდნავ ობიექტურად რომ ჩათვალოს მეორე ქართველმა, უნდა თქვან, რომ ძალადობა დასაგმობი და მიუღებელია პოლიციელზე. მერე თუ იტყვიან ასევე დასაგმობი და მიუღებელია მომიტინგეზე, ჟურნალისტზე და ა.შ. აუცილებლად სწორი და მართალი იქნება.

შენ ცალ მხარეს ვერ ხედავ და მეორე მხარეს ხედავ მხოლოდ, შენ ხარ სუბიექტური და ვიღაცის ინტერესს ემსახურები. შენ თუ ვერ ხედავ დასახიჩრებულ პოლიციელს, დამწვარ პოლიციელებს, ქვებს თუ ვერ ხედავ პოლიციელის თავში ნასროლს, მაშინ შენ ხარ სუბიექტური და ვიღაც თუ რაღაც გაიძულებს, რომ ასე ილაპარაკო ტენდენციურად. აქეთ, როდესაც ერთ მხარეს ვგმობთ რაღაცას, ჩვენ, სუბიექტური პოლიტიკოსები, ისე, უბრალოდ, ტრაფარეტულად კი არ ვგმობთ, ამაზრზენს და ამორალურს ვეძახი კვირაზე მეტია იმ ყველაფერს, რაც ვნახეთ, მაგალითად სახეზე წიხლით ცემას ადამიანისას. ამაზრზენს და ამორალურს, ყველაზე უარესს მე ვიძახი. ამავდროულად, ვამბობ, რომ ასევე ამაზრზენი და ამორალურია შენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდე, წვავდე პოლიციელებს, ამისი მცდელობა გქონდეს. ასახიჩრებდე, სხეულის დამწვრობებს აყენებდე და ამაზე არ ლაპარაკობდეს არავინ. „მოლოტოვის კოქტეილებს“ შეგვაჩვიეს. საქართველოში გაბედეს ვიღაც-ვიღაცებმა და გარედანაც გაბედეს, შეგვაჩვიეს, ყური და თვალი შეაჩვიეს, რომ მიტინგზე, აქციაზე, სადაც ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილს“, ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ ეს არის მშვიდობიანი. აი, ეს არის ყველაზე საშიში ტენდენცია, ეს არის ყველაზე არაობიექტურობა, ეს არის ყველაზე ბოროტი ტენდენცია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.