მაკა ბოჭორიშვილი: ვნახეთ ჰელსინკის კომისიაში სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავ, როგორ ხდება საკუთარი ქვეყნის შელახვა, დაზიანება

მაკა ბოჭორიშვილი

კიდევ ერთი საინტერესო მოსმენა გაიმართა საქართველოსთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიაში, დაბარებული იყვნენ სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი. ჩვენ ვნახეთ ეს და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავ, თუ როგორ ხდება საკუთარი ქვეყნის შელახვა, დაზიანება, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ძალიან ბევრი ცრუ ნარატივი მოვისმინეთ ამ მოსმენის ფარგლებში, ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია და საქართველოს იმიჯის მიზანმიმართული წარმოჩენა ძალიან დამაზიანებლად. ამას ალბათ აქვს გარკვეული მიზეზები, თუ რატომ ხდება ასე აქტიურად ამ სივრცეების გამოყენება. ამერიკის ახალი ხელისუფლების პირობებში არსებობს გარკვეული სივრცე ალბათ იმისათვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს. ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ საქართველოს აქვს სურვილი, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიხედოს, გადაიტვირთოს და სტრატეგიული პარტნიორობა დავაბრუნოთ ადგილზე, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იქნა შეჩერებული. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სურვილი და ეს სურვილი არაერთხელ იქნა გაჟღერებული საჯაროდ, უმაღლეს დონეზე. იმ პირობებში, როდესაც კონკრეტული გზავნილები ჯერ კიდევ არ ისმის თეთრი სახლიდან, რა თქმა უნდა, აქ არის სივრცე და ამ სივრცეს ძალიან აქტიურად იყენებენ ჩვენი „კეთილის მსურველები“ იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება ცუდად იყოს მიწოდებული ამერიკული საზოგადოებისადმი და რაც შეიძლება ცუდი იმიჯით იყოს წარმოდგენილი, შექმნან ერთგვარი ამერიკის მტრის ხატი საქართველოსგან. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ აქტიურად მოგვიხსენიებდნენ, რომ ვიყავით რუსები, პრორუსები, მერე გავხდით ჩინელები, ირანელები და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არის ერთადერთი ინტერესი, საქართველოსგან შექმნან მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის მტრის ხატი, რაც ძალიან რთული გასაკეთებელია მეორე მხრივ, იმიტომ, რომ საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი, საქართველოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესები დაეზიანებინა. პირიქით, ჩვენ ძალიან კეთილსინდისიერად ვთანამშრომლობთ ყველა იმ საკითხში, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების ინტერესებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა თანამშრომლობის შედეგი ის, რაც საზოგადოებამ ნახა, როცა ამავე კომისიაზე გაირკვა, რომ „მეგობარი აქტი“ თაროზეა შემოდებული, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა ჯო უილსონის ამ ინიციატივაზე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო „მეგობარი აქტი“, რომელიც შინაარსით სრულიად აცდენილია სახელწოდებას და იქ მეგობრული არაფერი წერია.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გვითქვამს, რომ არ გსურს, „მეგობარი აქტი“ იყოს საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობების საფუძველი და ძალიან მოხარული ვართ იმის, რომ ეს პროცესი ერთგვარად შეჩერდა და ამ აქტის განხილვა გაჩერებულია ამ შემთხვევაში. ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებდა საქართველოს აშშ-თან ურთიერთობებს და აშშ-ის საქართველოსთან ურთიერთობებს. მხოლოდ და მხოლოდ არაკეთილმოსურნეებს თუ ენდომებოდათ და გაუხარდებოდათ მსგავსი საფუძვლის შექმნა საქართველოს და აშშ-ს შორის. ჩვენ დღეს გვყავს საელჩო სრულად წარმოდგენილი აშშ-ში და მე იმედი მაქვს, აშშ-საც მალე ეყოლება ახალი ელჩი საქართველოში, რაც ერთგვარად შექმნის ახალ დინამიკას ჩვენს ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე ამ ურთიერთობებში, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორზე, როგორიც არის აშშ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი საქართველოს მხრიდან, რა სამუშაოს ეწევა ამ მიმართულებით საქართველოს ახალი ელჩი აშშ-ში და, ზოგადად, როგორია მოლოდინი, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს აშშ-ის ადმინისტრაციასთან და გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინონ, თუ რა სურს საქართველოს.

„ეს გაკეთდა უმაღლეს დონეზე არაერთხელ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გვსურს სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა აღვადგინოთ და ეს სტრატეგიული პარტნიორობა დავტვირთოთ კონკრეტული შინაარსით. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება აშშ-ის მხრიდან ღიაობა იმისათვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები სწორედ ასეთი მიმართულებით წარიმართოს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას იმ მიმართულებით, რომ სწორი ინფორმაცია იყოს მიტანილი ვაშინგტონში, სწორი აღქმები არსებობდეს საქართველოსთან დაკავშირებით და იყოს სიცხადე, თუ რა სურს საქართველოს აშშ-თან ურთიერთობებში.

„ჩვენც იმედი გვაქვს, გარკვეულ ეტაპზე გვექნება სიცხადე, თუ რა სურს აშშ-ს საქართველოსგან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.