1758051983
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოზე როდესაც არის საუბარი, ყველაფერი ხდება სპეკულაციების საგანი და, მათ შორის, ჩინეთთან ურთიერთობებიც, ის, რაც სხვებისთვის დასაშვებია, ჩვენ შემთხვევაში არის ხოლმე მიუღებელი

საქართველოზე როდესაც არის საუბარი, ყველაფერი ხდება ერთგვარი სპეკულაციების საგანი და, მათ შორის, ჩინეთთან ურთიერთობებიც, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ის, რაც სხვებისთვის დასაშვები, მისაღები და გამართლებულია, საქართველოს შემთხვევაში არის ხოლმე მიუღებელი და რატომღაც ასე ხდება წარმოჩენა, რასაც ნამდვილად არ აქვს საფუძველი. არაფერი არ ხდება განსაკუთრებული. საქართველო არაფერს არ აკეთებს განსაკუთრებულს. საქართველოს ხელისუფლება იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და თუ კარგად შევხედავთ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას, მაშინ ძალიან ადვილი გასაგებია, თუ რატომ სურს საქართველოს, ჰქონდეს კარგი ურთიერთობების სხვა პარტნიორებთან, რომლებთან ურთიერთობებიც ერთგვარად უკავშირდება სწორედ ჩვენი ფუნქციის განხორციელებას, რაც არის, პირველ რიგში, დაკავშირებადობის ფუნქცია, როდესაც საუბარი არის დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის ამ ფუნქციის შესრულებაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ როლზე, დაკავშირებადობაზე, შეუძლებელია, ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, თუ არ გვექნება ურთიერთობები განვითარებული კარგად ჩინეთთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ეს ურთიერთობები იყოს ცუდი ჩინეთთან ამ შემთხვევაში და არც სურვილი, რა თქმა უნდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ინტერესების შესაბამისად ურთიერთობას ყველა პარტნიორთან, მათ შორის, ჩინეთთან და, რა თქმა უნდა, თუკი ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ფუნქციის განხორციელებას, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები გაგრძელდება სწორედ ამ ჩარჩოებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამ განცხადებით მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად და როგორ არის შესაძლებელი, რომ აშშ-თან და ევროპასთან ურთიერთობების გარკვევის ფონზე შენარჩუნდეს ერთგვარი ბალანსი ჩინეთთან ურთიერთობაში ისე, რომ საქართველოს ინტერესი ამავდროულად იყოს სრულად დაცული, რადგან ამასთან დაკავშირებით კრიტიკა ძალიან ხშირად ისმის ასევე დასავლეთიდან, თუმცა კრიტიკული განცხადებების ავტორები და ქვეყნები თავად ცდილობენ ჩინეთთან ურთიერთობების დალაგებას და მასთან თანამშრომლობას.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტთა კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მიწვეული არ იყო შანხაიში თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტსა და ამ სამიტის პარალელურად მიმდინარე აღლუმზე თუ სხვა საზეიმო ღონისძიებებზე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიწვეული რომ ყოფილიყო, ალბათ ეს იქნებოდა ახალი ენთუზიაზმით საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი.
„განმარტება ამასთან დაკავშირებით გაკეთდა, თუ ვინ ჰყავდათ მიწვეული ამ ღონისძიებაზე და რატომ. ჩვენ არ ვართ შანხაის ორგანიზაციაში არანაირი როლით წარმოდგენილი და, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ იქნებოდა მიწვეული რამენაირი ფორმით ამ ღონისძიებაზე. იქ არსებობს, წევრობის გარდა, სხვადასხვა როლი, რასაც სახელმწიფოები ასრულებენ, ამ შემთხვევაში საქართველოს არანაირი როლი არ აქვს შანხაის ორგანიზაციაში და მიუხედავად ამისა, მაინც საქართველო არის საყვარელი კრიტიკის საგანი მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოები არიან იქ წარმოდგენილი. სწორედ ისინი ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას, ვინც მონაწილეობას იღებდა შანხაის ორგანიზაციის შეხვედრაში. ეს იყო ჩვენი რეგიონიდანაც, აზერბაიჯანიც და სომხეთიც წარმოდგენილი იყო ამ ღონისძიებაზე და სწორედ ეს იყო ის განმარტება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩინეთის მხრიდან, თუ ვის იწვევდნენ ამ ღონისძიებაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, რამდენად ქმედითია საქართველო, რომ ამ მოცემულობაში დაიცვას საკუთარი სტრატეგიული ინტერესები, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას აკეთებს.
„ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ, რომ შეგვწევს ძალა, საქართველოს ინტერესების დასაცავად გავაკეთოთ ყველაფერი, პირველ რიგში, შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა. როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი, დღეს უსაფრთხოებას აქვს ძალიან ბევრი განზომილება, დაწყებული სურსათის უსაფრთხოებიდან და ჯანმრთელობის დაცვიდან, დამთავრებული ინსტიტუტების სიძლიერით. ამ ყველაფერს, შეიძლება, ჩვენ ვუკავშირებდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჰქონდეს ძლიერი ინსტიტუტები, რომელთაც შესწევთ ძალა, ქვეყანაში უზრუნველყონ სტაბილური განვითარება. ამის დასტურია სწორედ ის ეკონომიკური შედეგები, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს და, ზოგადად, ის განვითარება, რომელ გზასაც მიუყვება ქვეყანა. ამის გარეშე, სტაბილურობის გარეშე, უსაფრთხოების გარეშე, ამის შენარჩუნების გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იქნებოდა რაიმე სახის განვითარებაზე საუბარი, იქნება ეს ეკონომიკური განვითარება თუ სხვა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.