გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
უთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთო-ს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ქალბატონ ელინა ვალტუნენს, რომელიც პირველად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. ეუთო-ს თავმჯდომარის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და ეუთო-ს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის
ხაზგასმა. არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ეუთო-ს, ფინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში თქვენ ეწვიეთ საქართველოს. ხვალ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს, პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია და რამდენად ახლოს არის ის საფრთხეები, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ შეხვედრის ფარგლებში და რაზეც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი, ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ ჩვენი ყველას ვალდებულებაა, საერთაშორისო წესრიგი დავიცვათ, ვიყოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული
და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ვეძიოთ მშვიდობა და გზა მშვიდობისკენ სწორედ სამართლის პრინციპების დაცვით გავიაროთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა.
„ამ პროცესში ყველა ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი. ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვეხმაურები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია ვალდებული
იქნება, გადაუხადოს 253 მილიონზე მეტი ქართულ მხარეს დარღვეული უფლებებისთვის. ასეთი გამარჯვებები მნიშვნელოვანია ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, მშვიდობიანი გზით. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ჩვენს ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატს, რომელშიც ეუთო-ს წარმომადგენელიც არის ჩართული.
„კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობას. საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ უნდა დარჩეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიღმა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს გამყოფი ხაზები, რომელიც ყოფს ოჯახებს, საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას. უკანონო სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, ამავდროულად, შეხვედრაზე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო და რჩება მშვიდობის, სტაბილურობის დამცველად და ხელშემწყობად რეგიონში.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების და გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ევროკავშირთან შინაარსიანი, საქმეზე ორიენტირებული დიალოგის არსებობის მნიშვნელობას, რაც ორივე მხარისთვის იქნება შედეგის და სარგებლის მომტანი. და ბოლოს, საქართველო ეუთო-ს სივრცეში არის საერთაშორისო წესების და სტანდარტების ერთგული ქვეყანა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთო-ს დამოუკიდებელი ინსტიტუტების და ზოგადად, ორგანიზაციის ფარგლებში. დასასრულს, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი შემდგომი ვიზიტი იქნება ორმხრივ ფორმატში და გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, საქართველოსა და ფინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.