1758051983
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა სამ მეზობელთან - აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია სამივე ქვეყანასთან ურთიერთობა

გლობალურად უსაფრთხოებაზე როდესაც არის საუბარი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარი უნდა დავიწყოთ მეზობლებთან ურთიერთობით, მეზობლებთან ურთიერთობები ჩვენთვის არის მთავარი პრიორიტეტი, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა სამ მეზობელთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია სამივე ქვეყანასთან ურთიერთობა. თქვენ გახსოვთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით თბილისი იყო ის ადგილი, რომელმაც უმასპინძლა პირველ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, როდესაც საუბარი ეხებოდა აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს შორის შეხვედრას. ეს იყო ძალიან საინტერესო პირველი შეხვედრა. მე დარწმუნებული ვარ, ამ ფორმატში და არამხოლოდ ამ ფორმატში ჩვენ შორის ურთიერთობები გაგრძელდება, განვითარდება და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ იყოს ჩვენ მიერ განხილული და ჩვენ ვიყოთ მონაწილე ამ პროცესის. ამ პროცესში საქართველო გააგრძელებს აქტიურად მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან. არაერთი ვიზიტი განხორციელდა თურქეთის რესპუბლიკაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთთან ურთიერთობები ჩვენთვის. თურქეთი რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რაც ბოჭორიშვილის თქმით, ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყნებს შეუძლიათ კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობებით გააკეთონ სასარგებლო პროექტები არამხოლოდ საკუთარი ქვეყნებისთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის.
„ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობებით გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნებისთვის სასარგებლო პროექტები, რაც ასევე მნიშვნელოვანია უფრო ფართო რეგიონისთვის. უფრო ფართო რეგიონში უკვე იგულისხმება ცენტრალური აზია და ევროპის ქვეყნები, რომლისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და თანამშრომლობა. ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაც, ცდილობს, გაამყაროს კავშირები პირველ რიგში, მეზობელ ქვეყნებთან და შემდგომ უკვე ფართო რეგიონის ქვეყნებთან. არაერთი ვიზიტი განხორციელდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე წელს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ასევე ამ მიმართულებით მუშაობას. სულ ცოტა ხანში თბილისი უმასპინძლებს აბრეშუმის ფორუმს, მორიგ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის როლზე, ჩვენი ქვეყნის ფუნქციაზე და იმ საერთაშორისო თანამშრომლობებზე, რომელსაც საქართველო ავითარებს სწორედ ამ მიმართულებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.