„ქორწილში ცეკვის დროს გული გაუჩერდა...“ - ბარბარე ბეჭვაიას მეგობრები გლოვობენ
1752396040
საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში შემდგარ პანელურ დისკუსიაზე „ევროპისა და აზიის დაკავშირება: გზა პარტნიორობისა და კეთილდღეობისკენ”.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კავშირებში, ისაუბრა ევროკავშირთან, აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნების დაკავშირების შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია გახდეს ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის დამაკავშირებელი ჰაბი.
„ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობით. ეს საკვანძოდ მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებაზე და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველო ეკონომიკური თავისუფლების, ღია ბაზრებისა და ბიზნესისთვის საიმედო გარემოს დამსახურებით, წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების მაგალითად იქცა, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული.
„ამგვარი ეკონომიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს თანმიმდევრულ განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და უწყვეტ რეფორმებს’’, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.
საქართველო-ევროკავშირის შესახებ საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ევროპული იდენტობითა და საუკუნოვანი ევროპული მისწრაფებებით.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს გარეშე, ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა რთული იქნება, ხოლო ძლიერი, ეკონომიკურად მდგრადი, მშვიდობიანი და სტაბილური ევროკავშირის შესახებ ხედვა - არასრული’’ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთის ოკუპაცია საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ რჩება და საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას, მნიშვნელოვანია ობიექტურობის შენარჩუნება, ფართო გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება და საქართველოს როლის აღიარება.
2025 წლის 11-12 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით იმყოფება ხორვატიაში, სადაც ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრ გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმში მონაწილეობს. აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მონაწილეები რეგიონულ, ევროპულ და გლობალურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.