მაკა ბოჭორიშვილი: "საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი სამხრეთ კავკასიაში. საქართველოსთან ურთიერთობი ეუთოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი"

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტი შეაფასა და ყურადღება გაამახვილა ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე. "ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ ეუთოს ჰყავს ახალი გენერალური მდივანი. ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევხვდით სხვადასხვა ფორმატში, ვენაშიც, ანტალიაშიც და გვქონდა საუბარი საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. ეუთო არის ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია. მისი მთავარი მიზანი და პრინციპები სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ ეუთოს სივრცეში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება და თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ეუთოს გენერალური მდივნის გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო საქართველოში, ჰქონდა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის განმავლობაში მანაც არაერთხელ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა და მშვიდობა ეუთოს სივრცეში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი სამხრეთ კავკასიაში. სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოსთან ურთიერთობი, საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვის თვალყურის დევნება ეუთოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუმ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთანაც.  მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზეც. "ოპოზიციისთვის ყველაფერი უმნიშვნელო და რუტინულია, რაც მათ ინტერესებში არ შედის და მათ ინტერესებს არ ემსახურება. დღეს მათი სურვილია, რომ როგორღაც შექმნან ილუზია, რომ საქართველო იზოლირებულია, ან მის ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს და ა.შ. მსგავსი ვიზიტები რა თქმა უნდა მათ ინტერესებში არ არის. ოპოზიცია არ არის პარლამენტში წარმოდგენილი. რაც შეგვეძლო საგარეო საქმეთა სამინისტროს გაგვეკეთებინა, შეგვეძლო შეგვეთავაზებინა შეხვედრა პარლამენტის წევრებთან, თუმცა მაშინ, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ არის, რაიმე შეთავაზება შეუძლებელი იყო ეუთო-ს გენერალური მდივნისთვის, შესაბამისად, ამ ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებთან," - აღნიშნა მინისტრმა. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ეუთო/ოდირის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც: "გაუგონარი ზეწოლის ქვეშ იყო ეუთო/ოდირი, მაშინ როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ არჩევნების დასაკვირვებლად და ამზადებდნენ არჩევნების შემდგომ დასკვნას. საკმაოდ დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე. გახსოვთ ალბათ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და რამხელა წინააღმდეგობა შეხვდა პია კაუმას.მეტ-ნაკლებად ეს შანტაჟის მექანიზმები ცვდება, აღარც აქტუალური აღარ არის. ყველა ხვდება, რომ სადღაც საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები დაუბრუნდეს ნორმალურ ვითარებას”,-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.