მაკა ბოჭორიშვილი რადიკალების ბრალდებებზე: „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცემოდათ ვიზის გარეშე ემოგზაურათ ევროკავშირის ქვეყნებში

მაკა ბოჭორიშვილი

ოპოზიციის ბრალდებებს, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების პროცედურები „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, საგარეო საქმეთა მინისტრი ტყუილს უწოდებს.

2013 წლის თებერვალში, ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ჩამოვიდა ევროკომისარი და ჩამოიტანა სამოქმედო გეგმა, რომელი სამოქმედო გეგმითაც რამდენიმე წელი იმუშავა საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ უკვე მერე უვიზო რეჟიმი ამოქმედებულიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, პროცესებმა მის თვალწინ გაიარა და სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ხელისუფლება ვინც შესაძლებლობა მისცა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ემოგზაურათ.

მაკა ბოჭორიშვილის ასევე, გამოეხმაურა რადიკალების ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების საკითხი „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდეს.

„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცემოდათ ვიზის გარეშე ემოგზაურათ ევროკავშირის ქვეყნებში. მე თავად ვიყავი ამ პროცესის მონაწილე, შეიძლება ითქვას პირველივე დღიდან, როდესაც სავიზო დიალოგი დაიწყო ევროკავშირთან და ყველა ეტაპი ფაქტობრივად, ჩემს თვალ წინ გავიარეთ. ძალიან კარგად მახსოვს პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე რეფორმები ხელისუფლებისთვის, როგორი ერთსულოვნებით ტარდებოდა და როგორ ხდებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ეს არ გაუკეთებია ბიუროკრატიას, ეს გააკეთა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ამის უკან იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნება, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ შედეგად მიგვეღო ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.