მაკა ბოჭორიშვილი პრანკერების ჩანაწერზე- რომ ვიცოდით რას ემსახურებოდა ეს ხალხი, სწორედ ამიტომ დავიწყეთ გამჭვირვალობის კანონზე მუშაობა

მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან, იღებენ უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებას, რაც არის უკანონო და შემდგომ ამ ფულს იყენებენ პოლიტიკაში,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მინისტრმა კომენტარი გააკეთა რუს “პრანკერებთან” სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის საუბარზე, რომელიც მედიაში გავრცელდა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით,დონორები უნდა დაფიქრდნენ, რას ხმარდება მათ მიერ გაცემული თანხები. “დაფარული არაფერი არ არის დიდი ხნის განმავლობაში. პრინციპში ახალი არაფერი გაგვიგია. ძალიან კარგად ვიცით რას ემსახურება ეს ხალხი და საიდან ფინანსდება და ეს, რომ ვიცოდით და ამას, რომ ვხედავდით სწორედ ამიტომ გამოწვევად მიგვაჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. სწორედ ამიტომაც დავიწყეთ „გამჭვირვალობის“ კანონზე მუშაობა, სწორედ ამიტომაც გავიარეთ ის გზა, რაც გავიარეთ, საკმაოდ დაძაბული თუმცა ძალიან საჭირო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ცხადია,  ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან, რომლებიც იღებენ უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებას, რაც არის უკანონო და შემდგომ ამ ფულს და ამ თანხებს იყენებენ პოლიტიკაში. ამაზე ალბათ კიდევ ერთხელ  უნდა დაფიქრდნენ დონორები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს საზოგადოებას თავი მოაჩვენონ, როგორც რაღაც კეთილმა ადამიანებმა, რომლებიც ზრუნავენ ქართველ ხალხზე და ქართულ საზოგადოებაზე. სინამდვილეში არანაირი კეთილი მიზნები აქ არ არსებობს, არანაირ სამოქალაქო საზოგადოებაზე ზრუნვა აქ არ არსებობს, აქ არსებობს ერთადერთი მიზანი და ეს არის რადიკალიზმის წახალისება და დაფინანსება საქართველოში, რაც შემდგომ უკვე უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. ეს არის რეალობა, თორემ სინამდვილეში ის პროექტები, რაც გააჩერეს და ამით გვაშანტაჟებენ ყოველდღიურად, ახალ-ახალი ამბებით, რომ გაჩერდა ერთი პროექტი, მეორე პროექტი, საქართველოში, სინამდვილეში ეს პროექტები, ზუსტადაც რომ ხალხის ინტერესებს ხმარდებოდა. ამისთვის იყო ეს პროექტები შექმნილი, აჩერებენ ამ პროექტებს, ამ ფულს მიმართავენ სხვაგან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.