მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: დღეს მათი სურვილია, რომ როგორღაც შექმნან ილუზია, რომ საქართველო იზოლირებულია, ან მის ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს

მაკა ბოჭორიშვილი

დღეს მათი სურვილია, რომ როგორღაც შექმნან ილუზია, რომ საქართველო იზოლირებულია, ან მის ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის მისამართით.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებსაც ეუთო-ს გენერალური მდივანი არ შეხვდა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ ვიზიტს რუტინული უწოდეს.

„მათთვის [ოპოზიციისთვის] ყველაფერი უმნიშვნელო და რუტინულია, რაც მათ ინტერესებში არ შედის და მათ ინტერესებს არ ემსახურება. დღეს მათი სურვილია, რომ როგორღაც შექმნან ილუზია, რომ საქართველო იზოლირებულია, ან მის ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს და ა.შ. მსგავსი ვიზიტები რა თქმა უნდა მათ ინტერესებში არ არის. ოპოზიცია არ არის პარლამენტში წარმოდგენილი. რაც შეგვეძლო საგარეო საქმეთა სამინისტროს გაგვეკეთებინა, შეგვეძლო შეგვეთავაზებინა შეხვედრა პარლამენტის წევრებთან, თუმცა მაშინ, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ არის, რაიმე შეთავაზება შეუძლებელი იყო ეუთო-ს გენერალური მდივნისთვის, შესაბამისად, ამ ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.