მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ნაურუს მიერ ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი შედეგია.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს. ის ნაბიჯები, რაც იდგმება ქართული დიპლომატიური სამსახურის მიერ, არის შედეგიანი. პირველ რიგში, მისასალმებელია ნაურუს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ გადაწყვეტილებას და გამოვთქვით მზაობა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დავამყაროთ ნაურუსთან და ვისაუბროთ ორმხრივი ურთიერთობების წინ წაწევაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა მუდმივ მუშაობას მოითხოვს და ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

„საქართველოს აქვს მტკიცე პოლიტიკა, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპირებულ რეგიონებზე, არაღიარების პოლიტიკაზე, თუმცა ეს არ არის მარტივი სამუშაო. ყოველდღიურ რეჟიმში არის მცდელობები რუსეთის მხრიდან, რომ მათი მხრიდან წარმოებული ე.წ. აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებული. მათ მიერ იდგმება ნაბიჯები, რაც მუდმივ ყურადღებას, მუდმივ მუშაობას საჭიროებს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებული. ამ შემთხვევაში ნამდვილად ქართული დიპლომატიური სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი შედეგი იქნა მიღწეული და სასიხარულოა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ასევე სხვა მიმართულებითაც. ჯერ კიდევ არიან სხვა სახელმწიფოები, მართალია მცირერიცხოვანი, თუმცა მაინც არიან ასეთი სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი დიპლომატიური სამსახურის დღის წესრიგში აქტიურად დგას, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე გაკეთებულ შეფასებებს და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის საკუთარი სახის ჩვენება, თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება. რამდენად შეიძლება იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც სხვაგვარად შეაფასო და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც არ აღიარო, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით არის მიღწეული. ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ პარტნიორებთანაც, ვმუშაობთ ყველასთან, ვისთანაც შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ, რაც შეეხება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვინ რა გააკეთა, მე ვიცი რა გააკეთა ქართულმა დიპლომატიურმა სამსახურმა და ნამდვილად შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს არის დიდი დამსახურება ქართველი დიპლომატების ყოველდღიური მუშაობის, მათ შორის, პარტნიორებთანაც და ამ შემთხვევაში იმ კონკრეტულ მხარეებთან, ვისი მეშვეობითაც მოხერხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ნაურუს სახელმწიფოს მიერ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.