მაკა ბოჭორიშვილი: მუდმივად რუსეთის თემაზე ტრიალი ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ დამატებით შექმნან დღის წესრიგი და უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტი გამოწვევა ამ ქვეყნისთვის

მაკა ბოჭორიშვილი

მუდმივად რუსეთის თემაზე ტრიალი ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ დამატებით შექმნან დღის წესრიგი და უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტი გამოწვევა ამ ქვეყნისთვის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას უპასუხებს ოპონენტების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ ეცდება აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, შესაძლოა შეუერთდეს ფორმატს „3+3“-ს, რამდენად რეალურია ეს და ამის დასტურად მოაქვთ ის, რომ 9 მაისს შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტი ვიხილოთ მოსკოვში.

„ძალიან კარგად ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და რა არის ამ ურთიერთობების გამოსწორების გასაღები. მუდმივად რუსეთის თემაზე ტრიალი ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ დამატებით შექმნან დღის წესრიგი და უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტი გამოწვევა ამ ქვეყნისთვის. იმართება შეხვედრები, რასაც ჰქვია „3+3“-ის ფორმატი, სადაც საქართველო არ მონაწილეობს და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. ვიდრე არის მოცემულობა, რომ რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გვაქვს მისაღწევი რუსეთთან პროგრესი, რაიმე ფორმატებში რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოსთვის არის მიუღებელი და ამ ფორმატში არ ვმონაწილეობთ. მუდმივად ამ თემაზე სპეკულირება არაფრის მომტანია. ეს ფორმატი წლებია არსებობს და საქართველო არ მონაწილეობს ძალიან კონკრეტული მიზეზის გამო“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.