პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
1768391343
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას ეხმიანება. ის იხსენებს საუბრებს იმაზე, თითქოს მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოზე წინ არის და აღნიშნავს, რომ დღეს ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე მისი პირველი პირი საუბრობს.
„ეს არის უსამშობლო, სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი პერსონის განცხადება. აი აქეთკენ მიაქანებდნენ საქართველოსაც და გასაკვირი არ იქნებოდა, თუ ერთ მშვენიერ დღეს გვეტყოდნენ, რომ საქართველოსთვის გადაგვერქმია სახელი და სხვა სახელი დაგვერქმია ჩვენი სამშობლოსთვის. მათი დამოკიდებულება არის ერთა აღრევა, იდენტობის გაქრობა და ამავე დროს საუბარი ჰქონდათ იმაზე, თითქოს მოლდოვა ჩვენზე გაცილებით წინ იყო, კანდიდატის სტატუსი უფრო ადრე მისცეს და მაგალითად მოჰყავდათ მოლდოვაში არსებული სიტუაცია, თითქოს ჩვენ სწორება მოლდოვის სახელმწიფოებრივ განვითარებაზე უნდა გაგვეკეთებინა. ხომ ხედავთ ახლა, რომ მოლდოვის სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე თავად ქვეყნის პირველი პირია ორიენტირებული“, - აცხადებს დეპუტატი.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, მოლდოვისთვის სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად „გადარჩენა“.
რუმინეთის პრეზიდენტის მრჩევლის ეუგენ ტომაკის განცხადებით, ოფიციალური ბუქარესტი ნებისმიერ დროს მზადაა სერიოზულად განიხილოს მოლდოვის მიერთების საკითხი.